მრიცხველებზე ანათვალი 30-ე დღეს უნდა გაკეთდეს - სემეკმა გამანაწილებელ კომპანიებს მრიცხველის ჩვენებების გასწორება დაავალდებულა

სემეკმა გამანაწილებელ კომპანიებს წესების დაცვა დაავალდებულა. როგორც სემეკში აცხადებენ, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას მიმართა არაერთმა მოქალაქემ იმასთან დაკავშირებით, რომ ვერ ისარგებლეს კომუნალური სუბსიდიით, გამანაწილებელი კომპანიების მიერ მრიცხველების ვადაგადაცილებით წაკითხვის გამო.

კერძოდ, მათივე ინფორმაციით, კომპანიებმა მრიცხველებზე ანათვალი აიღეს არა 30-ე დღეს, როგორც ითვალისწინებს კომისიის მიერ დადგენილი რეგულაციები, არამედ 32-ე და 33-ე დღეებზე.

"კომისიამ გამანაწილებელ კომპანიებს განუმარტა აღნიშნული დარღვევის შესახებ და დაავალდებულა მოქმედი ნორმატიული აქტების დარღვევით აღებული მრიცხველის ჩვენებების გასწორება, ასევე მომდევნო პერიოდში მრიცხველების წაკითხვა თვეში ერთხელ, წაკითხვის თარიღის დაცვით. კომისია მოუწოდებს მოქალაქეებს, მსგავსი სახის გაურკვევლობის შემთხვევაში საკითხის შესასწავლად დაუყოვნებლივ მომართონ კომისიას. მთავრობის კომუნალური სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში იმ მოქალაქეებს, რომლებიც თვეში მოიხმარენ 200 კვტსთ-ს ჩათვლით ელექტროენერგიას სახელწიფო დაუფარავს ნოემბრის, დეკემბრის, იანვრისა და თებერვლის თვეების ელექტროენერგიის, წყალმომარაგების (როგორც გამრიცხველიანებულ, ასევე უმრიცხველო აბონენტებს) და დასუფთავების გადასახადებს. ასევე, ამ თვეებში გაზის გადასახადს სახელმწიფო დაუფარავს იმ ფიზიკურ პირებს, რომლებიც თვეში მოიხმარენ 200 კუბური მეტრის ჩათვლით ბუნებრივ გაზს",-აღნიშნავენ სემეკში.