დეპუტატ ნოდარ ტურძელაძის განცხადებით, ქვეყანაში პოსტპანდემიურ პერიოდში ყველაზე დიდ მნიშვნელობას მეტი ინვესტიციის მოზიდვა და მეტი სამუშაო ადგილის შექმნა იძენს.
ამის შესახებ ტურძილაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობის ნდობისთვის გამოცხადების საკითხს განიხილავენ.
მისივე თქმით, ამ მიმართულებით მეტი სამუშაოა შესასრულებელი, რათა პოტენციურ ინვესტორებს ქვეყანაში შემოსვლის და ფინანსების ჩადების სურვილი გაუჩნდეთ.
"პოსტპანდემიურ პერიოდში ყველაზე დიდ მნიშვნელობას იძენს ქვეყანაში მეტი ინვესტიციის მოზიდვა და მეტი სამუშაო ადგილის შექმნა. ესაა ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთი პირველი დაკვეთა. აქედან გამომდინარე მეტი სამუშაო გვაქვს ამ მიმართულებით, რათა შეიქმნას შესაბამისი პაკეტები პოტენციური ინვესტორებისთვის, რომ მაქსიმალურად გაუმარტივდეთ და მათ ქვეყანაში შემოსვლისა და ფინანსების ჩადების სურვილი გაუჩნდეთ“, - განაცხადა ტურძელაძემ.
დეპუტატის აზრით, პანდემიის პერიოდში ყველაზე მეტად კულტურის და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები დაზარალდნენ.
„ჩვენ ვეხმარებით მოხუცებს, პენსიონრებს, ბავშვებს, სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებს და სხვადასხვა სეგმენტებს, მაგრამ კულტურის და ხელოვნების წარმომადგენლებს განსაკუთრებულად გაუჭირდათ, რადგან პრაქტიკულად რა შემოსავალიც ჰქონდათ წლების განმავლობაში, ამ ერთი წლის პერიოდში ვეღარ ახერხებენ გენერირებას“, - აღნიშნა ტურძელაძემ.
ტურძელაძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ცენტრალიზებულად უნდა მიუდგეს იმ ადამიანების პრობლემის მოგვარებას, რომელთაც საცხოვრებელი სახლები სახელმწიფომ დაუკანონა, თუმცა მიწის ის ტერიტორია, რაზეც ეს სახლებია განთავსებული მათ საკუთრებაში არ არის.
„წინასაარჩევნო კამპანიის დროს, მოსახლეობას დავპირდი, რომ პირველივე შესაძლებლობისთანავე ამ საკითხს დავაყენებდი - ეს ეხება როგორც იძულებით გადაადგილებულ პირებს ასევე, ჩვეულებრივ მაცხოვრებლებს რომელთაც სახელმწიფომ გადასცა და დაუკანონა სახლები. წლების განმავლობაში ხალხი ითხოვს თუმცა, მიწის იმ ნაკვეთის დაკანონებას, რაზეც არის დამაგრებული ეს სახლები. სამწუხაროდ, ამ საკითხს ცენტრალიზებულად ვერ მივუდექით და ვერ მოუგვარდათ მათ ეს პრობლემა. აქედან გამომდინარე, პარლამენტის, ადგილობრივი თვითმმართველობების, შესაბამისი სამინისტროების ჩართულობით, ვფიქრობთ, ძალიან აქტუალური თემაა. გვაინტერესებს თქვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ტურძელაძემ.