სადაც ფინანსური შეღავათები ეკონომიკურ ეფექტს არ გვაძლევს, უნდა გვეყოს სითამამე, რომ ვთქვათ არა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, იმისთვის, რომ საქართველო საინვესტიციოდ მიმზიდველი ქვეყანა იყოს, „მაკროეკონომიკური პარამეტრები არ უნდა გაგვექცეს“. ამასთან, გიორგი გახარია ფისკალური პოლიტიკის გამკაცრებას აანონსებს.
„მაკროეკონომიკური მაჩვენებლები არ უნდა გაგვექცეს. ბიუჯეტზე საუბარი როდესაც იქნება, ბევრი მაჟორიტარი მოითხოვს გზას, სპორტული სახლის აშენებას თუ სხვა და ამ ყველაფერს თავისი ეკონომიკური ფასი აქვს, რომელიც პირდაპირ ითარგმნება იმაში, ქვეყანა პოსტ- კოვიდურ ეპოქაში ეკონომიკურად და ფინანსურად რა ფორმაში იქნება. ძალიან კარგად გვესმის, რომ ჩვენი მიზნობრივი სოციალური დახმარების ღონისძიებები ბევრად უფრო მეტი უნდა იყოს, მაგრამ ქვეყანას შეზღუდული ფინანსური რესურსი აქვს და ჩვენი ამოცანაა, რომ ეს რესურსი თანაბრად და ეფექტურად გადანაწილდეს მიზნობრივად იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. როდესაც ეკონომიკური აღდგენის პროცესი დაიწყება, თითოეულ ლარს თავისი მნიშვნელობა ექნება. საერთოდ არ იქნება საქართველო პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის საინტერესო, თუ მაკროეკონომიკური პარამეტრები - ვალის, დეფიციტის მაჩვენებელი გაგვექცა. ამიტომ ვამბობთ, რომ ფისკალური პოლიტიკის ნაწილში გამკაცრებები მოგვიწევს. მესმის, რომ კარგია ბევრი შეღავათი, მაგრამ იქ სადაც ფინანსური შეღავათები ეკონომიკურ ეფექტს არ გვაძლევს, უნდა გვეყოს სითამამე, რომ ვთქვათ არა, ეს ეფექტურობა იმდენად დაბალია, რომ დღევანდელ ეკონომიკურ პირობებში აზრი არ აქვს“,-აღნიშნა მან.
გიორგი გახარიას თქმით, ქვეყნის პოსტ-კოვიდურ საინვესტიციო სტრატეგიაზე მუშაობა მიმდინარეობს და თებერვლის დასაწყისში ინიციატივები საკანონმდებლო დონეზე იქნება წარმოდგენილი.