„წყლის სააუზო მართვის, კანონის აღსრულებისთვის მომდევნო წლების განმავლობაში საბიუჯეტო და საფინანსო თანხების მობილიზების მყარი გარანტია უნდა გვქონდეს"

წყლის სააუზო მართვის, კანონის აღსრულებისთვის მომდევნო წლების განმავლობაში საბიუჯეტო და საფინანსო თანხების მობილიზების მყარი გარანტია უნდა გვქონდეს- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანი მიმართულებაა, წყლის სააუზო მართვა, რაც გარემოს დაცვაში და თანამედროვე მართვაში, ითვლება ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთ წინაპირობად.

„კანონპროექტი მომზადებულია. ეს არის ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რადგანაც ქვეყნის მართვას ითვალისწინებს არა ადმინისტრაციული საზღვრების არამედ, მდინარეების აუზების მიხედვით და მათ შორის, კომპლექსურად მოიცავს წყლის რესურსების მიწისქვეშა, მიწისზედა, ტყეების, მიწების ინტეგრირებულ მართვას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კანონის მიღების შემდგომი პროცესი გარკვეულ პერიოდზე გაიწელება, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ კარგად გავიაზროთ, თუ რა საბიუჯეტო დაფინანსება დასჭირდება ამ კანონის აღსრულებას მომდევნო წლების განმავლობაში, იმის გათვალისწინებით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს კანონი, რადგან რესურსების ათვისებას ეხება გრძელევადიან პერსპექტივაში, როგორ დიდ როლს ითამაშებს ადგილობრივი თემების განვითარების კუთხით და რა წვლილს შეიტანს ეკონომიკურ განვითარებაში“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

მისი რეკომენდაციით, აღნიშნული კანონის მიღების შემდგომ, მისი აღსრულებისთვის უნდა მოხდეს ყველა ძალის მობილიზება, რათა 5-6 წელიწადში რეალური შედეგები დადგეს.

„ჩვენ უნდა დავინახოთ ძალიან სტაბილური გრძელვადიანი შედეგები, რაც ამ კანონმა მოუტანა ევროპის ყველა ქვეყანას. ამ კანონის აღსრულებისთვის მომდევნო წლების განმავლობაში საბიუჯეტო და საფინანსო თანხების მობილიზების მყარი გარანტია უნდა გვქონდეს. მაინტერესებს მთავრობის პოზიცია ამ მიმართულებით“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.