ჩინეთმა, კორონავირუსის ახალი შტამის გამო, გაერთიანებულ სამეფოსთან საჰაერო მიმოსვლა შეაჩერა.
CNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ვან ვენბინმა განაცხადა.
„მუტირებული ვირუსის ხასიათისა და მისი შესაძლო ზეგავლენის გათვალისწინებით, ჩინელებისა და უცხო ქვეყნების მოქალაქეების უსაფრთხოდ მგზავრობის უზრუნველყოფის მიზნით, ჩინეთმა გადაწყვიტა, მიბაძოს სხვა ქვეყნების მაგალითს და შეაჩეროს ფრენები გაერთიანებულ სამეფოსთან. ჩინეთი ყურადღებით დააკვირდება შესაბამის მოვლენებს და შემდგომ ზომებს სიტუაციიდან გამომდინარე მიიღებს,“- განაცხადა ვან ვენბინმა.
ცნობისათვის, კორონავირუსის ახალი შტამის გამო გაერთიანებულ სამეფოსთან საჰაერო მიმოსვლა რამდენიმე ათეულმა ქვეყანამ შეაჩერა ან შეზღუდა. გაერთიანებული სამეფოს გარდა ახალი შტამის შემთხვევები გამოვლინდა დანიაში, ბელგიაში, ნიდერლანდებში, ისრაელში, იტალიასა და ავსტრალიაში. „ბრიტანული“ შტამის მსგავსი, მაგრამ სხვა ვარიანტი კი, სამხრეთ აფრიკაში აღმოაჩნეს.