შეგახსენებთ, რომ 300 ლარიანი, ერთჯერადი დახმარების მიღების მიზნით, პირველადი ელექტრონული განაცხადების წარდგენის ვადა დღეს, 24 დეკემბერს იწურება,- ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
უწყების ცნობით, წარდგენილი ინფორმაციის დაზუსტება 28 დეკემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.
"უახლესი მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში, ერთჯერად 300 ლარიან დახმარებაზე მომხმარებელთა მიერ უკვე 111 157 განაცხადი დარეგისტრირდა. აქვე, შეგახსენებთ, რომ ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მიერ, მიღებულ დადგენილებაში შესული ცვლილების შედეგად, კომპენსაციის გაცემის ხელისშემშლელ გარემოებად აღარ განიხილება ხელფასის ჩარიცხვა 28 ნოემბრიდან 5 დეკემბრამდე. კერძოდ, პირები, ვისაც 5 დეკემბრამდე ჩაერიცხათ ხელფასი, თუმცა 2020 წლის 5 დეკემბრიდან 24 დეკემბრამდე ანაზღაურება აღარ მიუღიათ იმ დამქირავებლისგან, რომელსაც 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო, შეჩერებული აქვს საქმიანობა და ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების უფლება, აღნიშნული ცვლილების თანახმად, მაინც მიიღებენ 300 ლარიან კომპენსაციას. ამასთან, კიდევ ერთხელ, დეტალურად განვმარტავთ, რომ შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებული თვითდასაქმებული პირები თავად წარმოადგენენ ელექტრონულ განაცხადს მომხმარებლის ავტორიზებული გვერდიდან https://eservices.rs.ge. ხოლო დასაქმებულებზე და არარეგისტრირებულ თვითდასაქმებულ სუბიექტებზე, ინფორმაციას, ასევე, მომხმარებლის ავტორიზებული გვერდიდან წარმოადგენენ დამსაქმებლები ან დამქირავებლები/ობიექტის მფლობელები. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოუწოდებს გადამხდელებს და კომპანიების წარმომადგენლებს, მიზნობრივი სოციალური დახმარების სარგებლობისთვის უწყებას დროულად მიაწოდონ ზუსტი ინფორმაცია",-აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.