აშშ-ში რითეილერების გაკოტრების მაჩვენებელი რეკორდულ ნიშნულზეა

აშშ-ში საცალო ვაჭრობის სფეროში გაკოტრების მაჩვენებელი მიმდინარე წელს ბოლო ათი წლის რეკორდულ მაქსიმუმზეა. ამასთან, ექსპერტები არ ელოდებიან სიტუაციის გაუმჯობესებას - წერს MarketWatch-ი.

S&P Global Market Intelligence-ის ინფორმაციით, ნოემბრის შუა რიცხვებისთვის გაკოტრდა 49 სავაჭრო კომპანია. მათ შორის არიან Ascena Retail Group Inc., Neiman Marcus, Sur La Table Inc., Brooks Brothers Group Inc და სხვა. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2009 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ. ორგანიზიაციის ინფორმაციით, ზოგიერთ კომპანიას მოუწია მაღაზიათა ქსელის შემცირება, მათ შორის, არიან Gap Inc. და Children's Place Inc.

Coresight Research-ის ინფორმაციით კი, იანვრიდან დეკემებრამდე შტატებში დაიხურა 8,4 ათასი მაღაზია.

COVID-19-ის პანდემია გახდა უკანასკნელი წვეთი უმეტესობა რითეილერისთვის, რომლებიც მანამდეც განიცდიდნენ სირთულეებს. კომპანიები, რომლებიც დაიგვიანეს გადასულიყვნენ ახალ ტექნოლოგიებზე, გაეხადათ საქმიანობა ციფრული და მასიურად გადართულიყვნენ ონლაინ ვაჭრობაზე, უბრალოდ ვერ გაუმკლავდნენ კორონავირუსის პანდემიას და მისგან გამოწვეულ ნეგატიურ ეფექტებს.

„პანდემიამ დააჩქარა ის, რაც უნდა მომხდარიყო რამდენიმე წლის შემდეგ“,- აცხადებს Moody's-ის ვიცე-პრეზიდენტი მიკი ჩადხა.

მისივე თქმით, არის კიდევ უამრავი კომპანია, რომლებიც გაკოტრების პირას არიან. „პანდემია დააჩქარებს ტრენდებს, რომელიც სუსტებს კიდევ უფრო ასუსტებს, ხოლო ძლიერებს უფრო აძლიერებს“, - აცხადებს ჩადხა.

ამასთან, არიან კომპანიები, რომლებმაც წარმატებით გადალახეს რთული პერიოდი, მაგალითისთვის, ქსელური მაღაზიების Walmart Inc. და Target Corp.-ის ღირებულებამ წელს 21% და 37%-ით მოიმატა, Costco Wholesale Corp. -ის - 23%-ით, ხოლო Wayfair Inc. და At Home Group Inc.-ის აქციები 2,9-ჯერ გაიზარდა.

კოკა კვირკველია