ისრაელი კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის ფარგლებში საყოველთაო „ლოქდაუნს“ მესამედ დააწესებს, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ დღეს განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეზღუდვები ძალაში კვირას შევა და 14 დღის განმავლობაში იმოქმედებს.
შეზღუდვები ითვალისწინებს მაღაზიების დახურვას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვასა და სკოლების ნაწილობრივ დახურვას. ამასთან, მოქალაქეებს საკუთარი საცხოვრებელი ადგილებიდან 1 კილომეტრზე შორ მანძილზე გადაადგილება აეკრძალებათ, გამონაკლისი შეეხება მათ, ვინც სამსახურებრივი საჭიროებისთვის იმგზავრებს ან აუცილებელი მოხმარების პროდუქციის შესაძენად გადაადგილდება.
ცნობისათვის, ისრაელში, სადაც, დაახლოებით 9 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსის 385 000 შემთხვევაა დადასტურებული, ვირუსით დაღუპულთა რაოდენობა კი 3 150-ია.