"საყოველთაო ჯანდაცვა და მათ შორის, პირველადი ჯანდაცვის რეფორმა კვლავ იქნება მთავრობის პრიორიტეტი"

საყოველთაო ჯანდაცვა და მათ შორის, პირველადი ჯანდაცვის რეფორმა კვლავ იქნება მთავრობის პრიორიტეტი, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

სერგეენკოს თქმით, პანდემიის პირობებშიც კი, არაგადამდები დაავადებები ნომერ პირველ მკვლელად რჩება.

„დღეს მთელი მსოფლიო პანდემიას ებრძვის თუმცა, პანდემიის პირობებშიც კი, არაგადამდები დაავადებები რჩება ნომერ პირველ მკვლელად, ჩვენ შემთხვევაში. მოხარული ვარ, რომ საყოველთაო ჯანდაცვა და მათ შორის, პირველადი ჯანდაცვის რეფორმა ისევ იქნება მთავრობის პრიორიტეტი. საქართველოს მოსახლეობისთვის, მილიონზე მეტი ადამიანისთვის, იმ მედიკამენტებზე დანახარჯი, რომელიც სწორედ არაგადამდები დაავადებების სამკურნალოდ არის საჭირო, სცდება კატასტროფული დანახარჯების ნიშნულს, ანუ ეს ადამიანები, მათი შემოსავლის 25%-ზე მეტს ხარჯავენ მედიკამენტებზე. საკუთრივ ჯანდაცვის სისტემის განვითარება, მათ შორის, პირველადი ჯანდაცვის განვითარებაც არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ეს კატასტროფული დანახარჯები შემცირდეს. პანდემია და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური ვარდნა ამ საკითხის მნიშვნელობას ჯერადობით ზრდის და ჯანდაცვითი საკითხიდან ის ავრცელებს როგორც ფინანსურ, ეკონომიკურ, ასევე პოლიტიკურ წონას სძენს ამ საკითხს. ამ პრობლემის მოსაგვარებლად მხოლოდ ჯანდაცვის რეფორმები არ არის საკმარისი და აუცილებელი არის ძალიან მტკიცე პოლიტიკური ნება, ძალიან მიზანმიმართული და შეიძლება ითქვას ხისტი პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რადგან შესაბამისად ამ გადაწყვეტილებებს წინ დახვდება მისი სიმეტრიული უკუძალები“, - განაცხადა სერგეენკომ.

დეპუტატი დაინტერესდა თუ რა რიგის პრიორიტეტი არის ხელისუფლებისთვის ასეთი პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რომელიც ამ საკითხის გადაჭრას მოხმარდება.

„ეს არის უმაღლესი რიგის პრიორიტეტი, პირველი რიგის პრიორიტეტი თუ მნიშვნელოვანი პრიორიტეტი? რამდენად გაქვთ მზადყოფნა, რომ ამ მტკიცე პოლიტიკურ მხარდაჭერაში მიიღოთ მონაწილეობა?“, - აღნიშნა დავით სერგეენკომ.