ფინანსთა მინისტრობის კანდიდატის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ოპოზიცია ხელისუფლების დელეგიტიმაციას და იმ პროცესების დაზიანებას ცდილობს, რაც პარლამენტში უნდა მიმდინარეობდეს. როგორც მაჭავარიანი აღნიშნავს, უმრავლესობამ ყველაფერი გააკეთა, რათა ოპოზიცია პარლამენტში შესულიყო და მმართველ გუნდს ოპოზიციის პარლამენტში არყოფნა კომფორტს არ უქმნის. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი გახარიას განცხადებას, რომ „ოპოზიციის ქმედებები სახელმწიფო ინსტიტუტების დელეგიტიმაციის მცდელობაა”, მაჭავარიანი ამბობს, რომ ოპოზიციის მხრიდან „მაღალი ხარისხის დესტრუქცია” ხდება.
„მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები ჩატარდა აბსოლუტურად გამჭვირვალედ და სამართლიანად, არის მცდელობა, იმ პროცესის დაზიანების, რომელიც პარლამენტში უნდა იმართებოდეს და ხელისუფლების დელეგიტიმაციის. ზოგადად, მაღალი ხარისხის დესტრუქციაა. ამ შემთხვევაში აბსოლუტურად ვეთანხმები პრემიერს. მესმის, რომ არჩევნების შედეგები რაღაც პოლიტიკური ჯგუფებისთვის იყო მიუღებელი, რაღაც პოლიტიკური ჯგუფებისთვის საკმაოდ კარგი შედეგები იყო. უბრალოდ, მათ ალბათ თავიანთი სიხარბე ვერ დაძლიეს, თორემ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა შემოსულიყვნენ. შედეგები საკმაოდ კარგი აქვთ, უბრალოდ, სიხარბე ვერ დაძლიეს და უნდათ, რომ ერთ წამს ყველაფერი აიღონ და როგორც ჩვევიათ, რევოლუციურ რეჟიმში გადაიყვანონ ქვეყანა, რაც წარმოუდგენელი და დაუშვებელია. აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი არის გულდასაწყვეტი. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა და ამაში ყველა ერთიანი ვართ - ის, რომ დღეს ოპოზიცია აქ არ ზის, მართლა ცუდია. ეს ჩვენ არანაირ კომფორტს არ გვანიჭებს. უმრავლესობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ისინი შემოსულიყვნენ. ამ ეტაპზე გვაქვს ის, რაც გვაქვს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ქვეყანამ უნდა გააგრძელოს მშვიდ, საქმიან გარემოში განვითარება და ამისთვის ვართ მოწოდებული. რამდენიმე დღეში შემოვიტანთ ბიუჯეტს. სიამოვნებით ვიხილავდი ოპოზიციას ოპონირების რეჟიმში. ეს წაადგება ქვეყანას, ბიუჯეტს და წაგვადგება თითოეულ ჩვენგანს, რომ ვიყოთ ტონუსში, რომ მინიმალური შეცდომები დავუშვათ. შეცდომებს უშვებს ყველა - ნებისმიერი ხელისუფლება, ნებისმიერი ადამიანი, შესაბამისად აუცილებელია, ჯანსაღი ოპონირება”,- განაცხადა მაჭავარიანმა.