"ბოლო წლებში უზარმაზარი ძალისხმევა იდება ჩვენი ქალაქების და სოფლების წყალმომარაგებაში, თუმცა პრობლემა ჯერ კიდევ ბევრგან არის გადასაჭრელი"

ბოლო წლებში მართლა უზარმაზარი ძალისხმევა იდება ჩვენი ქალაქების და სოფლების წყალმომარაგების მიმართულებით, თუმცა ეს პრობლემა ჯერ კიდევ ბევრგან არის გადასაჭრელი, - ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

სუბარმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას აღნიშნულ თემაზე კითხვით მიმართა და დაინტერესდა, სოფლებში, ქალაქებსა და მუნიციპალურ ცენტრებში როდის იქნება გამართული წყალმომარაგების სისტემა.

„ჩვენს რეგიონებთან დაკავშირებით ინფრასტრუქტურულ პრობლემებს რა გამოლევს, მაგრამ ერთს „საუკუნის პრობლემა“ შეიძლება ეწოდოს, ესაა ჩვენი ქალაქების და სოფლების წყლით მომარაგება. უმრავლესობაში არ არის 24-საათიანი წყლით მომარაგება. ეს არის პრობლემა, რომელიც მოგვდევს ჯერ კიდევ წინა საუკუნიდან და არცერთ მთავრობას სერიოზული ნაბიჯები არ გადაუდგამს. ბოლო წლებში მართლა უზარმაზარი ძალისხმევა იდება ამ მიმართულებით. თუნდაც ის, რომ წელს ქუთაისმა, ზუგდიდმა, ჭიათურამ პირველად მიიღეს 24-საათიანი წყალმომარაგება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა უამრავი ქალაქის მოსახლეობა ახლა გვიყურებს და ფიქრობს, როდის მოვა მათთან ეს დღე, როცა მათაც ექნებათ გამართული წყალმომარაგება. ტურიზმი ხომ წარმოუდგენელია ამის გარეშე და ტურიზმიც რომ არ იყოს, 21-ე საუკუნის მეორე ათწლეული იწურება და ბევრ ქალაქში ჯერ კიდევ არ არის წყალი. კარგად ვიცი, რამხელა ძალისხმევა არის გაწეული, მაგრამ ეს კრიზისი რამე გავლენას ხომ არ მოახდენს ამ პროგრამების შემუშავებაზე? თუ შეგვიძლია დავასახელოთ ის ვადა, როდესაც შეიძლება ვთქვათ, რომ ყველა სოფელში თუ არა დიდ ქალაქებში და მუნიციპალურ ცენტრებში მაინც გვექნება გამართული წყალმომარაგების სისტემა“, - მიმართა სოზარ სუბარმა გიორგი გახარიას.