"სახელმწიფომ მოსახლეობის დასახმარებლად ასეულობით მილიონი ლარი გამოყო"

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, პანდემიის პერიოდში სახელმწიფომ საკუთარი მოსახლეობის დასახმარებლად ასეულობით მილიონი ლარი გამოყო და ამ დახმარებაში მნიშვნელოვანი წვლილი ბიძინა ივანიშვილმა შეიტანა, რომელმაც სპეციალურ ფონდში 100 მილიონი ლარი გადარიცხა. აღნიშნული განცხადება კომიტეტის თავმჯდომარემ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გააკეთა.

მისი თქმით, პანდემია არის გამოწვევა, რომელიც ქვეყნების უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს.

ხუნდაძის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კრიზისის მართვის პროცესში „შევძლოთ, რაც შეიძლება მაქსიმალურად მოვახდინოთ პოლიტიკის დისტანცირება“.

„ჩვენ ისევე, როგორც მთელი მსოფლიო, პანდემიის რეჟიმში ვცხოვრობთ და სადამდე გაგრძელდება ეს ყველაფერი არავინ იცის. ეს არის გამოწვევა, რომელიც ქვეყნების უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს. საქართველო თავისი მწირი რესურსებით ცდილობს შეძლოს ის, რაც ძლიერი ფინანსებისა და ინსტიტუციების მქონე ქვეყნებს უჭირთ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ ამ კრიზისის მართვის გზაზე გარკვეული გამოცდილება დააგროვა და არის საკითხები, რაც შესაძლოა სხვა ქვეყნებისთვისაც გამოდგეს. მაგალითად, ამაზე მეტყველებს სულ რამდენიმე დღის წინ საქართველოში სტუმრად მყოფი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალური დირექტორის გამოსვლა, რომელმაც მაღალი შეფასება მისცა ჯანდაცვის სექტორის მუშაობას კრიზისის მართვის პროცესში. ვფიქრობ მაინც ჩვენ უნდა შევძლოთ მოვისმინოთ კრიტიკა, კრიტიკის მოსმენა არის ხშირად სასარგებლო, რომ დავაზღვიოთ საკუთარი გადაწყეტილება, რომ უნებლიეთ სადმე არ დავუშვათ შეცდომა. კრიტიკა უნდა იყოს უკეთესის მიღწევისათვის და არა მდგომარეობის დასამძიმებლად. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ კრიზისის მართვის პროცესში ჩვენ შევძლოთ, რაც შეიძლება მაქსიმალურად მოვახდინოთ პოლიტიკის დისტანცირება. პოლიტიკის როლი პანდემიის მართვის გზაზე ჩვენ ვნახეთ პირდაპირ ციფრებში ასახული, როდესაც ჯამრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, დარგის სპეციალისტები მოუწოდებდნენ, რომ ის მინიმალური წესები და ჯერჯერობით ერთადერთი მძლავრი იარაღი - ფიზიკური დისტანცირება და პირბადის მოხმარება, თითოეული მოქალაქის ვალდებულება გაგვეხადა, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებმა, პირიქით, საკუთარ მომხრეებს მოუწოდეს და შექმნეს ქუჩის აურზაური, რამაც შემდეგ, ისედაც წინასწარ პროგნოზირებადი მეორე ტალღა, კიდე უფრო მძიმე გახადა. მე მჯერა, რომ პანდემიის დასაწყისი როგორც სხვებისაგან გამორჩეულად პოზიტიური იყო, ისე შევძლებთ ამ კრიზისის დასრულებას, თუმცა საქართველოსათვის თითოეული დაკარგული სიცოცხლე არის ძალიან მძიმე“ ,- აღნიშნა მან.

მან ასევე სიღარიბეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ განსაკუთრებით, მძიმეა ბავშვთა სიღარიბე.

„სახელმწიფომ საკუთარი მოსახლეობის დასახმარებლად ასეულობით მილიონი ლარი გამოყო. რა თქმა უნდა, სჯობდა მეტი, მაგრამ სურვილი შესაძლებლობას ვერ გასწვდება. დახმარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ბიძინა ივანიშვილის შენატანი 100 მილიონი ლარის ოდენობის დახმარება, ზოგი რომ მიუშვა, ასეთ თანხას გამოიყენებდა საკუთარი ინტერესებისათვის, ხელისუფლებაში მოსასვლელად, რევოლუციასაც კი დააფინანსებდა. ზოგადად და მითუმეტეს ამ ვითარებაში, სოციალური თემატიკაში პოლიტიკური სპეკულაციისთვის გამოყენება ყოვლად დაუშვებელია, თუმცა სოციალური პოლიტიკა გადახედვას საჭიროებს. დღეს ქვეყანას აქვს ორი ძირითადი პრობლემა, ეს არის ოკუპაცია და სიღარიბე. განსაკუთრებით მძიმეა ბავშვთა სიღარიბე, რომელიც დღემდე დაუძლეველია, სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ! დიახ, არიან ბავშვები, რომლებიც უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობენ, არიან ბავშვები, რომლებიც არასრულფასოვანი კვებით იკვებებიან და რა თქმა უნდა, ეს მათი ჯამრთელობისთვის არასახარბიელოა, მაგრამ იმას, რასაც პარტიული ტელევიზიები ყოველდღიურად აკეთებენ, თითქოს ქვეყანაში ბავშვები შიმშილისგან ყოველდღიურად იღუპებიან, რა თქმა უნდა, ეს არის სიცრუე, თითქოს ბავშვთა სიღარიბის დასაძლევად არაფერი კეთდება ქვეყანაში - ესეც არის ტყუილი", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.