TBC Capital: 2021 წლის პირველ ნახევარში ინფლაცია 6%-ს გადააჭარბებს

თიბისი კაპიტალმა მაკრო სექტორის მიმოხილვა გამოაქვეყნა.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, იმ შემთხვევაში, თუ ლარის ეფექტური გაცვლითი კურსი არსებულ ნიშნულზე შენარჩუნდა, 2021 წლის პირველ ნახევარში ინფლაციის დონე ქვეყანაში 6%-ს გადააჭარბებს, ხოლო 2021 წლის ბოლოს 4-5%-ის ფარგლებში იქნება.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ მაღალი ინფლაციის პირობებში ეროვნული ბანკის მიერ საპროცენტო განაკვეთის, ანუ ფულის ფასის ზრდაა მოსალოდნელი.

ფართო გაგებით, ინფლაცია ქვეყანაში ფასების საერთო დონის ზრდას ნიშნავს. აქ საუბარია ფასების მატებაზე ისეთ საქონელსა და მომსახურებაზე, რომელსაც მოსახლეობა ყველაზე ხშირად იყენებს.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის სამიზნე მაჩვენებელი ინფლაციის 3%-იან დონეზე შენარჩუნებაა. როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი აცხადებს, მომავალი წლების განმავლობაში ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელი არ შეიცვლება და ის უცვლელად 3% იქნება.

ნოდარ სირბილაძე