ემირატები 2021-ში ნავთობზე მოთხოვნის ზრდას პროგნოზირებენ

არაბეთის გაერთიანებული ემირატები (UAE) იმედოვნებენ, რომ 2021 წელს ნავთობზე მოთხოვნა გაიზრდება, მაგრამ ეს სწრაფად არ მოხდება და დროში გაიწელება. ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრ სუჰაილ ალ-მაზრუის ასეთი ოპტიმიზმის საფუძველს რამდენიმე ფაქტორი აძლევს.

„სკაი ნიუს არაბიასთან“ საუბრისას, ალ-მაზრუი ნავთობზე მოთხოვნის ზრდის ძირითად ფაქტორებად, კორონავირუსთან ბრძოლაში ვაქცინაციის ჩართვას და შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ურთიერთობის გაუჯობესებას ასახელებს.

„ნავთობზე მოთხოვნის გაუმჯობესების პროცესი იქნება ეტაპობრივი და ამას არც ერთი და არც ორი კვარტალი ეყოფა“, - ამბობს ალ-მაზრუი.

მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აღმოჩენილია კორონავირუსის ახალი ვარიანტი, რომელიც შესაძლოა, უფრო სწრაფად ვრცელდება, ნავთობის ფასმა კვლავ კლება დაიწყო. ოქტომბრის შემდეგ პირველად, მასზე ფასის კვირეული კლება დაფიქსირდა.

ვირუსის ახალი ვარიანტი პირველად ბრიტანეთში დაფიქსირდა, რასაც ქვეყანაში შესაძლოა ლოკდაუნის ახალი ეტაპი მოჰყვეს. ეს კი ნავთობზე მოთხოვნის კლებას გამოიწვევს. თუმცა UAE-ს ეს არ აშფოთებს. მინისტრი ამბობს, რომ წამალი ვირუსის ახალი ვერსიისთვისაც შეიქმნება.