აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, რეგიონში მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული პროექტების შეუფერხებლივ განვითარება.
მისივე თქმით, პანდემიის მიუხედავად, 2021 წლის ბიუჯეტი ინფრასტრუქტურაზეა ორიენტირებული.
"ჩვენთვის, ყველასთვის, რეგიონის განვითარება თანასწორ, სამართლიან, ეკონომიკურ თანასწორობაზე დაფუძნებულ განვითარებას ეფუძნება და ბუნებრივია, როგორც ბიუჯეტის დაგეგმვა, ასევე ყველა იმ სამთავრობო პროგრამის შემუშავება, რომელსაც ჩვენ ყველა ერთად განვახორციელებთ ამავე პრინციპით ხორციელდება. ჩვენ შესაბამისი დადგენილება მივიღეთ, რომელიც ბიზნესთან ნორმატიულ სისტემურ მიდგომას უზრუნველყოფს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული პროექტების შეუფერხებელი განვითარება, ვინაიდან, სწორედ ინფრასტრუქტურული პროექტები უზრუნველყოფს ბათუმში, აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში, ეკონომიკურ ზრდას და ადგილზე მოქალაქეებისთვის როგორც სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ისე, ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნას. მათ შორის, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.
ყველა ის მიმდინარე პროექტი, რომელიც გვქონდა დაგეგმილი შეუფერხებლად გაგრძელდება მომდევნო 4 წლის განმავლობაში. ჩვენ ვგეგმავთ არანაკლებ 200 კმ ახალი ასფალტირებული გზისა და 500 კმ2-ზე მეტი ბეტონირებული საფარის დაგებას აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტში. როგორც მოგეხსენებათ, ბათუმში ბათუმის თვითმმართველობა უზრუნველყოფს გზების დაგებას. ამას დაემატება ის მიმდინარე პროექტები, რომელიც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისგან, მათ შორის საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისგან ფინანსდება. ეს გახლავთ ხულო-ზარზმის გზა, რომლის პირველი ეტაპიც შეუფერხებლად მიმდინარეობს და 2022-2023 წლისთვის დასრულდება. მას გააჩნია უდიდესი ეკონომიკური მნიშვნელობა მაღალმთიანი აჭარისა და ასევე, სამცხე-ჯავახეთის ტურიზმის განვითარების მიმართულებით,"- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
მისივე თქმით, ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობაც მიმდინარეობს, რომელიც თბილისი-ბათუმის მგზავრობისთვის საჭირო დროს შეამცირებს.
"ასევე, წყალმომარაგების თანამედროვე სისტემით ისარგებლებს აჭარის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები 30 000-ზე მეტი მოქალაქე. შესაბამისად, უკვე 2024 წლისთვის ჩვენ მოგვეცემა საშუალება, რომ ყველა სოფელში, ყველა თემში, სადაც ამის შესაბამისი ტექნიკური საშუალება არსებობს, ჩვენმა მოქალაქეებმა ისარგებლონ თანამედროვე წყალმომარაგებით, ჰქონდეთ გზა და რაც ასევე მნიშვნელოვანია, გაზიფიცირების ყველა ის ეტაპი, რომელიც გვქონდა და გვაქვს დაგეგმილი შემდეგი წლებისთვის, იქნას ბოლომდე მიყვანილი. მოგეხსენებათ, ცენტრალური მაგისტრალის მშენებლობა პრაქტიკულად დასრულებულია. მაღალმთიან აჭარაში, კურორტ გოდერძზე წელს პირველად მოხდა შესაბამისი ინფრასტრუქტურის გამართვა. მიეწოდებათ ბუნებრივი აირი. ძალიან მალე დაიწყება შიდა დაქსელვითი სამუშაოები. რაც მოგვცემს საშუალებას, რომ 15 ათასზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლოს ბუნებრივი აირით. მათ შორის, მაღალმთიან აჭარაში. ძალიან კარგად გესმით ყველას ამ პროექტის მნიშვნელობა როგორც ეკონომიკური, ისე გარემოს დაცვითი და ეკოლოგიური თვალსაზრისით.
სპორტული ინფრასტრუქტურის კუთხით გვაქვს საკმაოდ დიდი პროგრესი, როგორიც არის ბათუმის უეფას მე-4 კატეგორიის სტადიონი. ასევე, სრულდება მრავალფუნქციური კომპლექსი , სადაც აჭარაში მოქმედი ყველა სპორტული ფედერაცია იქნება განთავსებული და შესაბამისად, მათ ექნებათ როგორც მომზადებისთვის, ასევე ჩემპიონატების ჩატარებისთვის ყველა აუცილებელი პირობა",- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.