„მოლებმა და მაღაზიებმა მაღალი პასუხისმგებლობა გამოიჩინეს და გვიხარია, რომ გუშინდელმა დღემ სერიოზული და მასიური დარღვევების გარეშე ჩაიარა"

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მოქალაქეებს მოუწოდებს, ყველა რეგულაცია დაიცვან, განსაკუთრებით კი შაბათ-კვირას.

თურნავა ასევე სავაჭრო ქსელებს მიმართავს, რეგულაციების შესრულებაზე მკაცრი კონტროლი გაგრძელდეს. როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განმარტა, თავის მხრივ მკაცრ მონიტორინგს ხელისუფლებაც უზრუნველყოფს.

„გუშინ შემსუბუქდა რეგულაციები არარსურსათო ვაჭრობის სექტორისთვის. საკმაოდ მაღალი პასუხისმგებლობა გამოიჩინეს სასურსათო ქსელებმა, მოლებმა, მაღაზიებმა და ძალიან გვიხარია, რომ დღეს, როდესაც გუშინდელი დღის სტატისტიკას ვაჯამებთ, სერიოზული და მასიური დარღვევების გარეშე ჩაიარა ამ დღემ. მინდა ამისთვის ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს სავაჭრო ინდუსტრიას. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაგრძელებთ კონტროლს. წინასაახალწო დღეები დატვირთულია და მაღალი მოთხოვნაა, ადამიანებს საჭიროებები დაუგროვდათ და დავინახეთ, რომ მომხმარებლების მიერ საკმაოდ დიდი მიწოლა იყო მაღაზიებზე. აქედან განომდინარე, ყველას მოვუწოდებ, რომ განსაკუთრებით შაბათ-კვირას კვლავ დაიცვან ყველა აუცილებელი მოთხოვნა და როგორც მომხმარებლებმა, ასევე მაღაზიებმა ამაზე მკაცრი კონტროლი გააგრძელონ, ხოლო ჩვენი მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება ასეთივე მკაცრი მონიტორინგი“, - განაცხადა თურნავამ.