თამარ გაბუნიას თქმით, საქართველოში „რემდესივირის“ გამოყენება დაიწყო

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, საქართველოში „რემდესივირის“ გამოყენება დაიწყო.

როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულებისას განაცხადა, იმისთვის, რომ პაციენტს „რემდესივირი“ დაენიშნოს, კომისიაში შემავალი 2 ექსპერტის გადაწყვეტილებაა აუცილებელი.

„ქვეყანაში „რემდესივირის“ გამოყენება დაიწყო სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, რაც ითვალისწინებს „რემდესივირის“ დანიშვნას კომისიური განხილვის შემდეგ. 8 ექსპერტი შედის კომისიაში. იმისთვის, რომ „რემდესივირი“ დაენიშნოს რომელიმე პაციენტს, მისივე ინფორმირებული თანხმობით, 2 ექსპერტის გადაწყვეტილებაა აუცილებელი.

„რემდისივირის“ გაცემას კოორდინაციას უწევს ინფექციური დაავადებების და შიდსის ცენტრი. უკვე რამდენიმე პაციენტი ჩაერთო და რა თქმა უნდა, ძალიან აქტიურად ვადევნებთ თვალს იმას, თუ რამდენად დეტალურად იქნება დაცული „რემდისივირის“ გამოყენების პირობები. მნიშვნელოვანია ის პირობები, რომელიც ასახულია გაიდლაინში და რასაც ვუყენებთ თითეულ კლინიკას. ეს არის ინფორმირებული თანხმობა, კლინიკური გადაწყვეტილება და ასევე ყველა პირობა უნდა იყოს შექმნილი იმისთვის, რომ პაციენტზე აქტიურად განხორციელდეს მონიტორინგი, გვერდითი შესაძლო მოვლენა დროულად იქნას გამოვლენილი.

ამჟამად მიმდინარეობს კლინიკური პროტოკოლის კიდევ ერთხელ განახლება, ძალიან ბევრი ექსპერტია ამაში ჩართული“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.