თამარ გაბუნია განმარტავს, რომ ის სასუნთქი აპარატები შეიძინეს, რომელიც ამერიკის წამლის და საკვების სააგენტოს მიერაა აღიარებული

ქართველი ექიმები ძალიან კარგად იცნობენ აპარატების გამოყენების ინსტრუქციას და ამასთან დაკავშირებით კომენტარების გაკეთება, რომ ქართველი ექიმები ვერ მიხვდებიან, რანაირად უნდა გამოიყენონ აპარატურა და ამან შეიძლება გამოიწვიოს ფილტვის ქსოვილის დაზიანება, უხერხულია,- ასე გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია გავრცელებულ ინფორმაციას „რომ სასუნთქი აპარატები, რომელიც მთავრობამ კლინიკებს გადასცა, რეალურად სასუნთქი აპარატები არაა“. როგორც გაბუნიამ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, საერთაშორისო მარეგულირებლების ნუსხას ეყრდნობიან და ის სასუნთქი აპარატები შეიძინეს, რომელიც ამერიკის წამლის და საკვების სააგენტოს მიერაა აღიარებული.

„ცუდია, რომ ასეთი დეზინფორმაცია ვრცელდება მედიაში ამ საშუალებებთან დაკავშირებით, რადგან ეს არის ის დამხმარე საშუალებები, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია კოვიდით დაავადებული პაციენტების სწორად მართვისთვის. ჯანდაცვის სამინისტრომ ეპიდემიის პირველივე ეტაპზე შეიძინა სუნთქვის აპარატები, რომელიც არის მაღალტექნოლოგიური აპარატები. სუნთქვის აპარატების ღირებულება მერყეობს დაახლოებით 25-დან 27 ათას დოლარამდე, მაგრამ ეს არის სუნთქვის აპარატი, მულტიფუნქციური, რომელიც ინტუბაციის პერიოდში სჭირდება პაციენტს. ხშირად ხდებოდა ამ აპარატების გამოყენება დამხმარე საშუალებისთვის, არაინვაზიური ვენტილაციისთვის. ამ პრობლემის გადასაჭრელად, რადგან პაციენტების რაოდენობა იყო მზარდი, ჯანდაცვის სამინისტრომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმოდგენილ ნუსხაზე დაყრდობით, რაც ითვალისწინებს ჟანგბადის მიწოდებისთვის აუცილებელ აპარატურას, რომელიც ქვეყანამ უნდა შეიძინოს, ეს არის სამი სხვადასხვა ტიპის არაინვაზიური ვენტილაციის საშუალება, ეს არის „ბიპაპის“ აპარატი, რომელიც წარსულში იყო გამოყენებული სუნთქვის აპნოის სამკურნალოდ, მაგრამ კოვიდის ეპიდემიის დაწყების შემდეგ ბევრი ქვეყანა მას იყენებს კოვიდის შემთხვევაში ჟანგბადის წნევით მიწოდებით უზრუნვეყოფისთვის. აპარატი, რომელიც შევიძინეთ გახლავთ ამერიკის წამლის და საკვების სააგენტოს მიერ აღიარებული. ჩვენს ქვეყანაში ამ ტიპის აპარატურის სერტიფიცირება, ჯერჯერობით არ ხდება, ამდენად ვეყრდნობით საერთაშორისო მარეგულირებლების მიერ აღიარებულ ნუსხას. FDA-ის ვებგვერდზე შეგიძლია ნახოთ ის მოდელი, რომელიც შევიძინეთ 500 ცალი და რომლის ღირებულება არის 500-დან 800 დოლარამდე, რათა თერაპიულ განოფილებებშიც პაციენტებს ჰქონოდათ ჟანგბადის წნევით მიწოდების შესაძლებლობა“,- განაცხადა გაბუნიამ.

მისვე თქმით, ქვეყანაში 350 რეანიმაციული საწოლი და სასუნთქი აპარატია თავისუფალი.

„ასევე შეძენილ იქნა 50 მაღალი სიხშირით წნევის მიწოდების აპარატი და 300 ერთეული გერმანული წარმოების კომბინირებული „ბიპაპ“ და „ჰაიფლოუ“ პარატი, რომელიც გადანაწილდა კლინიკებში და მიმდინარეობს დეტალური ინსტრუქტაჟი პერსონალის, რა შემთხვევაში უნდა იყოს ეს აპარატურა გამოყენებული. ასევე ველოდებით კიდევ მაღალი სპეციფიკაციის სასუნთქ აპარატებს, რომელიც შეძენილია მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში და ისინი იქება კრიტიკული პაციენტებისთვის, თუ ამის საჭიროება იქნა. 350 რეანიმაციული საწოლი თავის აპარატით და ამის პრობლემა ქვეყანაში არ არის“,- განაცხადა გაბუნიამ.