მიმდინარე წლის განმავლობაში ნაძალადევის რაიონში 9 სპორტული მოედნის მოწყობა-რეაბილიტაცია განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სპორტული ინფრასტრუქტურის განახლებისთვის ნაძალადევის გამგეობამ წელს 388 000 ლარი დახარჯა. კალათბურთის ახალი, თანამედროვე ტიპის მოედანი მოეწყო ზღვისუბნის XI მ.რ. II კვ. 36-ე კორპუსთან, ცოტნე დადიანის ქუჩა N34-ში (მე-15 კორპუსის მიმდებარედ) კი ფეხბურთის კომბინირებული მოედანი რეაბილიტირდა.
ახალი მინი სტადიონები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ დაათვალიერა.
„როგორც თბილისის მასშტაბით, ისე, ნაძალადევის რაიონში ძალიან მნიშვნელოვანია სპორტული სივრცეების განვითარება, რაც ხელს უწყობს ჩვენი ბავშვების, მოზარდების უფრო მეტ ჩართულობას სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში. ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი ახალი სპორტული სივრცეების მოწყობა და არსებული ინფრასტრუქტურის განახლებაა. ზღვისუბანში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ახალი კალათბურთის მოედანი მოეწყო, ხოლო დადიანის ქუჩაზე 560 კვ.მ ფართობის ფეხბურთის მოედანს ჩავუტარეთ სრული რეაბილიტაცია. მსგავსი ტიპის პროექტები ხელს უწყობს ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.
აღნიშნულ ორ მისამართზე შესრულებული კეთილმოწყობის სამუშაოების ღირებულება 136 000 ლარია.