შემცირებული სავალუტო ჯიხურები, სესხის გამცემი სუბიექტები და ბანკების სერვის-ცენტრები - ფინანსური ბაზრის ერთი წელი

ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ვალუტის გადამცვლელი ჯიხურები - 147, ხოლო სესხის გამცემი სუბიექტების რაოდენობა - 6 ერთეულით შემცირდა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატისტიკაშია აღნიშნული.

გარდა ამისა, შემცირებულია კომერციული ბანკების სერვის-ცენტრები, ხოლო ფილიალების რაოდენობა გაზრდილი.

უფრო კონკრეტულად, 2019 წლის ნოემბრის მონაცემით, საქართველოში კომერციული ბანკების 823 სერვის-ცენტრი მოქმედებდა, წელს ეს რაოდენობა 764-მდე შემცირდა. რაც შეეხება ფილიალების რაოდენობას, 2019 წლის ნოემბერში 148 ერთეული ოპერირებდა, წელს კი - 162.

2020 წლის ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში 15 ბანკი ოპერირებს.

ამასთან, სებ-ის სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის ნოემბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბაზარზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რაოდენობა 48-დან 40-მდე ერთეულამდე შემცირდა.

საანგარიშო პერიოდში 147 ერთეულით შემცირდა ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რაოდენობაც. თუ 2019 წლის ნოემბერში ბაზარზე 944 სავალუტო ჯიხური ოპერირებდა, ახლა მათი რაოდენობა 797-ს შეადგენს.

6 ერთეულით შემცირდა სესხის გამცემი სუბიექტების რაოდენობაც. კერძოდ, მიმდინარე წლის ნოემბრში 198 სუბიექტი იყო დარეგისტრირებული, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 204.

ამასთან, სებ-ის სტატისტიკით, 2020 წლის ნოემბერში ბაზარზე ოპერირებდა 18 სადაზღვევო კომპანია, 5 - საპენსიო სააგენტო და საპენსიო სქემა, 2 - საფონდო ბირჟა და ერთი - არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება.

ნინი ქეთელაური