საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, ერთობლივი საწარმოების შესაქმნელად მოლაპარაკებები პოლონეთთან, ჩეხეთთან და ისრაელთან მიმდინარეობს.
როგორც მან თავდაცვის სამინისტროს 2020 წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა, 2021 წელს ბოლოს ჯარი სრულად იქნებ აღჭურვილი ნატოს სტანდარტების M4 ტიპის შაშხანებით, ტყვიამფრქვევებით, ყუმბარმტყორცნებით და სხვა საშუალებებით.
„ეროვნული სამხედრო მრეწველობის განვითარება ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, მომდევნო წელს ქმედით ნაბიჯებს გადავდგამთ დაწყებული პროექტების დასასრულებლად და ახალი პროექტების დასაწყებად. ამ მიმართულებით, მეტი ცოდნისა და გამოცდილების მისაღებად დაწყებული გვაქვს მოლაპარაკებები ერთობლივი საწარმოების შესაქმნელად ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან პოლონეთთან, ჩეხეთთან და ისრაელთან.
არტილერია იქნება ერთ-ერთი გამოკვეთილი მიმართულება. იგეგმება თანამედროვე გადასატანი საზენიტო კომპლექსების შესყიდვა 2021 წელს. მომდევნო წელს შეძენილი იქნება ოპერატიული და ტაქტიკური უპილოტო სადაზვერვო და საბრძოლო დრონები, ასევე ვგეგმავთ სადაზვერვო ნაწილების აღჭურვას თანამედროვე სადაზვერვო აპარატებით. 2021 წელს ვიწყებთ ახლო რადიუსის თანამედროვე ტანკსაწინააღმდეგო საშუალებების შეძენას და წლის ბოლოს ჩვენი ჯარი სრულად იქნებ აღჭურვილი ნატოს სტანდარტების M4 ტიპის შაშხანებით, ტყვიამფრქვევებით, ყუმბარმტყორცნებით და სხვა საშუალებებით“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.