2020 წელს ენერგოომბუდსმენის სამსახურში შესული განცხადებების რაოდენობით ელექტროენერგეტიკის სფერო ლიდერობს

ენერგოომბუდსმენის სამსახურში შესული განცხადებების რაოდენობის თვლსაზრისით 2020 წელს ელექტროენერგეტიკის სფერო ლიდერობს, - ამის შესახებ ენერგოომბუდსმენის სამსახურის მიერ გავრცელებულ წლის შეჯამებაშია აღნიშნული.

ანგარიშის თანახმად, საჩივრების დიდი რაოდენობა შეეხებოდა კომპანიების მიერ განხორციელებულ დარიცხვებს.

„სადაო საკითხების ნაწილი ეხებოდა სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამით სარგებლობის შეუძლებლობას. მოქალაქეები აგრეთვე გამოხატავდნენ უკმაყოფილებას კომპანიების მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით. განმცხადებლები აგრეთვე მოითხოვდნენ ხანდაზმული დავალიანებების ჩამოწერას. სატელეფონო კონსულტაციების უმრავლესობა სახელმწიფო სუბსიდირების საკითხებს შეეხებოდა. აქტუალური იყო საკითხი კომპანიების მხრიდან მრიცხველის ჩვენებების დროულად აღების პრობლემასთან დაკავშირებით, ვინაიდან სწორედ ეს ფაქტორი განაპირობებდა სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამაში მონაწილეობას.

განცხადებების რაოდენობის თვალსაზრისით 2020 წელს ლიდერობს ელექტროენერგეტიკის სფერო. წყალმომარაგების სექტორი, წინა წელთან შედარებით, გადმოინაცვლა მეორე ადგილზე, ხოლო ბუნებრივი გაზის კომპანიების მიმართ წარმოდგენილი განცხადებების ოდენობა ბოლო ადგილზეა. ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიების მიმართ არსებული პრეტენზიები ძირითადად შეეხება ხანდაზმულ და უსაფუძვლოდ დარიცხულ დავალიანებებს, აგრეთვე დეპოზიტის თემას. წამოიჭრა საკითხები ტექნიკური სამუშაოების დაგვიანებასთან დაკავშირებით. რეგიონებში დღემდე აქტუალურია მოძველებული ინფრასტრუქტურის შეცვლის საკითხები.

წყალმომარაგების კომპანიების მიმართ წარმოდგენილი საჩივრების დიდი ნაწილი მომსახურების ხარისხსა და უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხებს შეეხება, აგრეთვე ქსელზე არსებული დაზიანებების აღმოფხვრის საკითხებს.

რაც შეეხება ბუნებრივი გაზის სექტორში არსებულ პრობლემურ საკითხებს, ბევრია განცხადება ბუნებრივი გაზის ქსელზე ახალ მომხმარებლად დაერთებასთან დაკავშირებული ვადების დარღვევის შესახებ. სადაო საკითხები აგრეთვე ხანდაზმულ, უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხებსა და გაზის უკანონო მოხმარების გამო ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეებს შეეხება“,-აღნიშნულია 2020 წლის შეჯამებაში.

ამასთან, საზოგადოებრივი დამცველის რეკომენდაციების საფუძველზე კომპანიების მიერ ჩამოწერილმა თანხამ 2020 წლის განმავლობში 141,967.58 ლარი შეადგინა.