„ჯივიპის" ტექნიკური დირექტორის, ზურაბ ალფაიძის განცხადებით, 2018-2020 წლებში კომპანიამ წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განახლება-განვითარების მიზნით 300 მლნ ლარამდე ინვესტიცია განახორციელა.
მისივე თქმით, მომდევნო სამი წლის განმავლობაში კომპანია 200 მლნ ლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.
„6000 კმ სიგრძის მიწისქვეშა ქსელი, რომლის საშუალებითაც მოსახლეობას სასმელ წყალს ვაწვდით, მუდმივ მოვლა-განახლებას საჭიროებს. თბილისის ყველა რაიონში, 400-ზე მეტ ქუჩაზე სრულად განვაახლეთ წყალმომარაგების სისტემა. საჭიროებიდან გამომდინარე მოძველებული მილები შევცვალეთ ახლით, ქსელზე დავამონტაჟეთ თანამედროვე ინფრასტრუქტურული ელემენტები - ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, ვანტუზები, რამაც გააუმჯობესა წყლის ნაკადების მართვა. დღესდღეობით, მნიშვნელოვნად შემცირდა წყალმომარაგების ქსელზე დაზიანებების რაოდენობა და წყალმომარაგებასთან დაკავშირებული დისკომფორტი. "ჯივიპი" გააგრძელებს ქალაქის ყველა რაიონში წყალმომარაგების სისტემებისა და ინფრასტრუქტურის განახლება-განვითარებაზე ზრუნვას. მომდევნო სამი წლის განმავლობაში დაგეგმილი გვაქვს 200 მლნ ლარის ინვესტიციის განხორციელება, რაც მიმართული იქნება, როგორც სათავო ნაგებობების, სატუმბე სადგურების, ასევე მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელის განახლებისკენ“, - აცხადებს ზურაბ ალფაიძე.
აღნიშნულ ინფორმაციას "ჯივიპი" ავრცელებს.