კახა კალაძის განცხადებით, ავტობუსების ჩანაცვლების პროგრამა მომდევნო წლის დასაწყისში დასრულდება

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ავტობუსების ჩანაცვლების პროგრამა მომდევნო წლის დასაწყისში დასრულდება. როგორც მან დედაქალაქის საკრებულოში განმარტა, მუნიციპალიტეტმა ასევე მიკროავტობუსების ჩანაცვლების პროგრამა დაიწყო და პირველ ეტაპზე 300 ერთეული მიკროავტობუსი არის შეძენილი.

კალაძის თქმით, უახლოეს პერიოდში, დამატებით ახალი მიკროავტობუსების შეძენის შესაძლებლობა იქნება.

„იცით, რომ ჩვენ დავიწყეთ ავტობუსების ჩანაცვლების პროგრამა, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს. მომდევნო წლის დასაწყისში ეს პროექტი მთლიანად დასრულდება. თბილისს ეყოლება განახლებული ავტობუსების პარკი. არსებული ყვითელი ავტობუსები ქალაქისთვის პრობლემას წარმოადგენდა, როგორც ვიზუალური თვალსაზრისით, ასევე გამონაბოლქვის გამო. იცით, თუ რა მდგომარეობაა ქალაქში ეკოლოგიურად. შესაბამისად, ამ პროექტის განხორციელება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმისთვის, რომ ქალაქის მოსახლეობამ, ვინც ყოველდღიურად სარგებლობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით, კომფორტულად, თავისუფლად შეძლოს გადაადგილება ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე. ასევე უნდა აღვნიშნო ის, რომ მუნიციპალიტეტმა დაიწყო მიკროავტობუსების ჩანაცვლების პროგრამა. პირველ ეტაპზე 300 ერთეული მიკროავტობუსი არის შეძენილი. კომპანია, რომელიც ამას ოპერირებას უწევს, ძალიან მალე გამოისყიდის და ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, დამატებით ახალი მიკროავტობუსები შევიძინოთ იმისთვის, რომ ეს მიმართულებაც მთლიანად იყოს განახლებული“,-განაცხადა კალაძემ.

მან ასევე მეტროპოლიტენის მოწესრიგებასა და ვაგონების განახლებაზეც ისაუბრა.

„ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამის განხორციელება დავიწყეთ. ეს არის ძალოვანი კაბელების ცვლილება და გამნიავებელი სისტემების მთლიანი მოწესრიგება. ეს პროექტი უკვე დასრულებულია მთლიანად. 450 კმ-ზე მეტი ძალოვანი კაბელი შეცვლილია თავის გამნიავებელი სისტემებით, ახალი აგრეგატებით, ასევე დავიწყეთ მეტროს ვაგონების მოდერნიზაცია. დაახლოებით 15 ახალი შემადგენლობა გვყავს, რომელიც უკვე რეაბილიტირებულია“,-განაცხადა კალაძემ.