პანდემიის დროს ლეპტოპებსა და დესკტოპებზე მოთხოვნა გაიზარდა

მთელს მსოფლიოში, ლეპტოპებსა და დესკტოპ კომპიუტერებზე მოთხოვნა არნახულად არის გაზრდილი მას შემდეგ, რაც ბაზარზე აიფონი გამოვიდა. დიდ სავაჭრო ცენტრებში მარაგები ამოწურულია და მომხმარებლებს შეკვეთის ლოდინი თვეობით უწევთ.

კომპიუტერებზე მოთხოვნის ასეთი ზრდა, პანდემიის პერიოდში, დისტანციური სწავლების საჭიროებამ გამოიწვია. ამის პარალელურად, მთელ მსოფლიოში შემცირებულია სმარტფონების გაყიდვები.

ლეპტოპებსა და დესკტოპებზე რეკორდული მოთხოვნა 2008 წელს არის დაფიქსირებული, როცა მთელს მსოფლიოში მიწოდებამ 300 მილიონს მიაღწია. შედარებისთვის, წლევანდელი მაჩვენებელი 250 მილიონს მიაღწევს. რიგი ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ წელს ლეპტოპების და პერსონალური კომპიუტერების მიწოდება 300 მილიონს მიაღწევს, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 15 პროცენტით მეტია.

ბაზრის კვლევაზე ორიენტირებულ კომპანია „კანალისის“ პროგნოზით, 2021 წლის ბოლოს, მსოფლიოში მომუშავე პერსონალური კომპიუტერების და ტაბლეტების რიცხვი 1.77 მილიარდს მიაღწევს. შედარებისთვის, 2019 წლის ბოლოს მათი რაოდენობა 1.64 მილიარდი იყო. ვირუსთან ბრძოლით გამოწვეული ჩაკეტილობის დროს, ბევრი ოჯახი დამატებით კომპიუტერს ყიდულობს მისი წევრი სკოლის მოსწავლის, სტუდენტის, ან სახლიდან მომუშავე წევრის საჭიროებისთვის.

მოთხოვნის ზრდის კვალობაზე, ბაზარზე კომპიუტერების დეფიციტს ის გარემოებაც ქმნის, რომ ისეთი მიმწოდებლები, რომლებიც ეკრანების და პროცესორების წარმოებაზე არიან ორიენტირებული, პანდემიური ლოკდაუნის გამო, გარკვეული დროით გაჩერებულები იყვნენ.

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ მიმწოდებლების დროებითი დახურვის ფაქტორი და წარმოქმნილი ლოჯისტიკური პრობლემები, კომპიუტერების 2021 წლის გაყიდვების მოცულობის ზრდასაც გარკვეულწილად შეაფერხებს.