სამწუხაროდ, ხმა მღაღადებლისა რჩება უდაბნოსა შინა. ქალაქის ბიუჯეტში ვერ გამოინახა 50-70 ათასი ლარი, რომ დავით აღმაშენებლის ძეგლი გადმოტანილი იქნას ღირსეულ ადგილზე? ყვავილი ვერ მიიტანა ცნობილმა ფრანგმა საზოგადო მოღვაწემ, რომ დაედო ძეგლთან,- ამ კითხვით მიმართა ფრაქცია „თბილისის“ წევრმა ვაჟა ოთარაშვილმა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის მერს კახა კალაძეს, სადაც თბილისის 2021 წლის ბიუჯეტს განიხილავენ.
ვაჟა ოთარაშვილი დაინტერესდა, რატომ ვერ ხერხდება „დიდი წმინდანი მეფის, დავით აღმაშენებლის ძეგლის გადმოტანა ღირსეულ ადგილზე“.
„თქვენს მოხსენებაში, მე მინდა გავიხსენო გალაკტიონ ტაბიძის სიტყვები: „ყველაფერი არის ძალზედ კარგად, ყველაფერი ძალზედ ცუდად არის“. გარეგნულად ასე ჩანს ეს ბიუჯეტი.
როდესაც თქვენ მოხვედით ხელისუფლებაში, დავით აღმაშენებლის ძეგლის გადმოტანის საკითხი არაერთ შეკრებაზე გააჟღერეთ, როგორც საარჩევნო ტრიბუნიდან, ისე სხვადასხვა ტელევიზიიდან. რატომ ვერ ხერხდება ჩვენი დიდი წმინდანი მეფის, დავით აღმაშენებლის ძეგლის გადმოტანა ღირსეულ ადგილზე, მითუმეტეს, თქვენ რამდენჯერმე მოგმართათ შემოქმედებითმა ინტელიგენციამ, 100-ზე მეტი ხელმოწერა შემოვიდა, მათ შორის, თბილისის საპატიო მოქალაქეების. არქიტექტორებმა შეადგინეს პროექტი, რომელიც ეხება მელიქ კაზარიანცის სახლის მიმდებარედ გზაგამყოფზე ძეგლის გადმოტანას, რომელიც მერაბ ბერძენიშვილის სურვილით იყო თავდაპირველად დამტკიცებული“, - განაცხადა ოთარაშვილმა.
აღნიშნულ კითხვას უპასუხა კახა კალაძემ და განაცხადა, რომ „ვერც ერთ ჩემ დაპირებას ვერ ნახავთ, სადაც მე საზოგადოებას დავპირდი, რომ დავით აღმაშენებლის ძეგლს გადავიტანდით“.
„თუ საზოგადოების დიდი ნაწილი მოითხოვს ამას, შეგვიძლია განვიხილოთ. თუმცა, დღეს ქალაქში უფრო მნიშველოვანი პრობლემები გვაქვს, რომელსაც სჭირდება მოგვარება და მოწესრიგება“, - განაცხადა კალაძემ.