დედაქალაქის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის ინფორმაციით, რამდენიმე წელიწადში "ელიავას" ბაზრობას განახლებული იერსახე ექნება.
როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განმარტა, ტენდერის შედეგად უკვე გამოვლინდა გამარჯვებული კომპანია, რომელსაც ბაზრობის დაგეგმარება დაევალა.
მისივე თქმით, აღნიშნულ პროექტში მესაკუთრეების და კერძო მოვაჭრეების ინტერესები მაქსიმალურად დაცული იქნება.
"ჩვენ ელიავას ბაზრობის მესაკუთრეებთან ერთად შევადგინეთ სატენდერო პირობები და გამოვაცხადეთ ტენდერი გეგმარებაზე. ტენდერი დასრულდა, გვყავს გამარჯვებული კომპანია რომელმაც უნდა მოამზადოს გეგმარებითი დავალება. მესაკუთრეების და მოვაჭრეების ინტერესები მაქსიმალურად იყო გათვალისწინებული, რა დოკუმენტსაც შეადგენს გამარჯვებული კომპანია დასამტკიცებლად წარმოდგენილი იქნება თბილისის საკრებულოში. რამდენიმე წელიწადში ელიავას ბაზრობა მიიღებს განახლებულ იერსახეს ისეთი სცენარით რომელსაც განსაზღვრავს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო. პირველ რიგში დაცული იქნება, მესაკუთრეების და კერძო მოვაჭრეების ინტერესები“, - აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.