„პანდემიამდე მდგომარეობას ჩვენი ბიზნესი 2022 წელს დაუბრუნდება“ – „ზედაზენი"

ქართული ლუდის კომპანიის დირექტორის განცხადებით, იმისათვის, რომ დარგი გადარჩეს, სექტორი მთავრობისგან შეღავათების მოლოდინშია - ამის შესახებ კახა კოტრიკაძემ ,,რადიოპალიტრასა“ და ,,პალიტრანისუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ ისაუბრა.

კოტრიკაძის თქმით, მათი სექტორი 2019 წლის ნიშნულს 2022 წლამდე ვერ დაუბრუნდება. თუმცა იქამდე, ხელისუფლებისაგან გარკვეული შეღავათებია საჭირო.

,,იმისათვის, რომ მოხდეს ამ მძიმე მდგომარეობის შემსუბუქება, ბიზნეს სუბიექტებისთვის, რომლებმაც მოახერხეს და გადარჩნენ, ძალიან კარგი იქნება აქციზის გადასახადის დაბრუნება 2015 წლამდელ არსებულ ნიშნულზე. როცა ერთ გრადუსზე 8 თეთრი იყო, ნაცვლად 12 თეთრისა, რომელიც ახლა გვაქვს, მცირე დროით მაინც. ეს საშუალებას მისცემდა კომპანიებს, რომ ნაწილობრივ მაინც დაეკომპენსირებინათ დანახარჯები და არ გაეზარდათ ფასი მომხმარებლისთვის.

პრემიერის და მთავრობის ძალიან კარგი ინიციატივა იყო, როცა მოხდა საგადასახადო შეღავათების დაწესება. ამან სტიმული მისცა კომპანიებს, რომ გაეგრძელებინათ საოპერაციო საქმიანობა. გამომდინარე იქედან, რომ 2021-ც იქნება კრიზისული წელი, ეს შეღავათები უნდა დარჩეს. პანდემიამდელ მდგომარეობას ვფიქრობთ, რომ ჩვენი ბიზნესი 2022 წელს დაუბრუნდება“-აცხადებს ,,ზედაზენის“ გენერალური დირექტორი.

თამარ მუკბანიანი