ამერიკული პროგრამის - „საკვები პროგრესისთვის“ ფარგლებში, ქვეყანაში 14 000 ტონა ხორბლით დატვირთული გემი შემოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის საბაჟო გამშვებ პუნქტში „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“ უკვე დაწყებულია აღნიშნული ტვირთის მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურები.
აღნიშნული ტვირთი სამი გზავნილიდან პირველია, რაც მომდევნო თვის განმავლობაში ჩამოვა და ხელმისაწვდომი იქნება კერძო სექტორის მიერ ბაზარზე გასაყიდად. გაყიდვებიდან შემოსულ თანხას, ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი ინვესტიციის სახით, სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამებში ჩადებს.
„გლობალური კრიზისისა და COVID-19 პანდემიის პირობებში, საქართველო, როგორც ამიერკავკასიის ძირითადი სატრანზიტო რეგიონი საერთაშორისო საზღვაო გადაზიდვებს სხვადასხვა ქვეყნის მიმართულებით შეუფერხებლად, 24 საათიან რეჟიმში ახორციელებს. კანონმდებლობით დაწესებული პროცედურით, ნავსადგურში შემოსვლისას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ექიმ ეპიდემიოლოგს თავდაპირველად წარედგინება დოკუმენტაცია გემის სანიტარიული მდგომარეობის შესახებ, რომლის წარმატებით დასრულების შემდეგ, ჯანმრთელობისათვის საშიში დაავადებების შემოტანისა და შემდგომი გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ხდება ხორბლის ფიტოსანიტარიული სასაზღვრო კონტროლი, რაც ნიმუშის ადგილზე აღებას და მასალის სპეციალურ ლაბორატორიაში დათვალიერებას გულისხმობს.
მარცვლეულის ხარისხის კონტროლის დასრულების შემდგომ, თუ ის აკმაყოფილებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, მოხდება ხორბლის გემიდან გადმოტვირთვა, სატვირთო სატრანასპორტო საშუალებებში განაწილება, აწონვა და იმპორტიორის საწყობში განთავსება. ამასთან, შეგახსენებთ, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს პორტებში შემომსვლელი გემებისთვის გამკაცრებულია საბაჟო კონტროლის პროცედურები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.