“ქართული ოცნების“ დეპუტატი მარიამ ლაშხი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის მოსმენისას დაინტერესდა, რა სიახლეა სახალხო დაფინანსების, ე.წ. Crowdfunding-ის ამოქმედებასთან დაკავშირებით.
როგორც მარიამ ლაშხმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ინიციატივა ამასთან დაკავშირებით შესულია.
როგორც კობა გვენეტაძემ დეპუტატის პასუხად განმარტა, სახალხო დაფინანსება მოსახლეობისაგან თანხების მოზიდვასა და აქედან პროექტების დაფინანსება ნიშნავს. მისი თქმით, ე.წ. Crowdfunding-თან დაკავშირებით ცოტა თავს იკავებს.
“უკეთესი იქნება ეს გარკვეული პერიოდის შემდეგ გაკეთდეს, რადგან მოსახლეობა უფრო მზად და გათვიცნობიერებული იქნება იმისთვის, რომ მათ შეიძლება რაღაც რაოდენობის ფული დაკარგონ, იმის მიუხედავად, რომ ეს მცირე იქნება. ფინანსური განათლების მხრივ აქტიურად ვმუშაობთ, რომ ხალხს ავუხსნათ, რა არის ეს და რა რისკები ახლავს. მესმის, რომ არის რამდენიმე ქვეყანა, სადაც აპრობირებულია. ძირითადად ინგლისშია განვითარებული, თუმცა სხვა ქვეყნები უფრო თავს იკავებენ, მაგრამ ამაზე მუშაობას გავაგრძელებთ“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა დღეს პარლამენტს 2021-2023 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები წარუდგინა.