"მერიის დღევანდელი ადმინისტრაცია, თბილისელების ბიუჯეტს აღიქვამს საკუთარ ჯიბედ, შესაბამისად, ამ ბიუჯეტს მხარს ვერ დავუჭერ"

მერიის დღევანდელი ადმინისტრაცია, თბილისელების ბიუჯეტს აღიქვამს საკუთარ ჯიბედ, შესაბამისად მე ამ ბიუჯეტს მხარს ვერ დავუჭერ,- ამის შესახებ თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ვატო შაქარიშვილმა თბილისის საკრებულოში დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტის წარდგენის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მერიის ადმინისტრაცია ბიუჯეტის გამოყენებას პირადი თუ პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე აპირებს.

“წარმოდგენილი ბიუჯეტი არის გაგრძელება უპასუხისმგებლო და გაუაზრებელი მართვის სტილის, რომელიც სამწუხაროდ, მერიისთვის დამახასიათებელი ნიშანი გახდა. აღნიშნული ბიუჯეტი არ არის ადაპტირებული და არ შეესაბამება იმ ძალიან მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, რომელიც პანდემიიდან გამომდინარე ქვეყანაში შეიქმნა. აღნიშნულ ბიუჯეტში შევხვდებით უამრავ არარაციონალურ გაუმართლებელ ხარჯს. როგორც ჩანს, მერიის დღევანდელი ადმინისტრაცია, თბილისელების ბიუჯეტს აღიქვამს საკუთარ ჯიბედ და შესაბამისად, მათი პირადი თუ პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე აპირებს კვლავ, რომ განკარგოს ბიუჯეტი, რაც გამოიხატება იმაში, რომ 2021 წელი, რომელიც არის საარჩევნო წელი, მერია აპირებს 13 მილიონ ლარამდე დახარჯოს პიარ აქტივობაში, ეს არის იაფფასიანი პიარაქტივობები, რომლებიც თბილისელებს სულაც არ უჯდებათ იაფი. მუნიციპალიტეტის დღევანდელი ადმინისტრაცია თბილისელების ბიუჯეტს უყურებს, როგორც საკუთარი ჯიბის ფულს. ამ ყველაფერში მე ვერ მივიღებ მონაწილეობას და აღნიშნულ ბიუჯეტს მხარს ვერ დავუჭერ”, - განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.