წინ გველის გაზრდილი მაკროეკონომიკური რისკები და სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით რთული წლები. პანდემიამდელ მასშტაბებს ეკონომიკები უკეთეს შემთხვევაში მხოლოდ 2022 წლის ბოლოსთვის დაუბრუნდება, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც 2021-2023 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები განიხილეს. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მისი თქმით 2021 წელს იქნება გაზრდილი რისკები და მონეტარული რყევები, რისთვისაც ეროვნული ბანკი მზად უნდა იყოს.
„წელს ეროვნულმა ბანკმა 850 მილიონ დოლარზე მეტი ინტერვენციები განახორციელა ბაზარზე, მომავალ წელსაც მოუწევს მნიშვნელოვანი ინტერვენციების გაკეთება. სავარაუდოდ მოუწევს პოლიტიკის გამკაცრებაც, თუმცა ჩემი აზრით, ინფლაცის 3%-იან ნიშნულთან მოახლოება 2021წლის ბოლოს საკმაოდ რთულ ამოცანას წარმოადგენს“,-აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.
მან ეროვნულ ბანკს უფრო მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა.
„ჩვენ უნდა გამოვიდეთ თეორიული ჩარჩოებიდან და უნდა ვიყოთ უფრო თამამები, აქტიურები და პრაქტიკულები. ეს პირველ რიგში ეროვნულ ბანკს ეხება“,-განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ.