2021 წელს „ზედაზენის“ პროდუქცია გაძვირდება - „ბიზნესმა რომ რენტაბელურობა შეინარჩუნოს, ფასების ზრდა გარდაუვალი იქნება“

თუ დამატებით სახელმწიფო არ დაეხმარება ბიზნესს, მომავალი წლიდან ფასების ზრდა გარდაუვალი იქნება - ამის შესახებ ,,რადიოპალიტრასა“ და ,,პალიტრანისუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ ,,ზედაზენის“ გენერალურმა დირექტორმა განაცხადა.

კახა კოტრიკაძის თქმით, მათი კომპანიისათვის პანდემიის პირველი ტალღა გაცილებით მარტივად გადასატანი იყო, მეორე ტალღის დროს კი 20-25%-ით შეუმცირდათ რეალიზაცია.

„კორონავირუსის გამო ორ სხვადასხვა ვითარებაში მოგვიწია ყოფნა. 3 კვარტალში, პირველი ტალღის დროს სხვა მდგომარეობა გვქონდა, მეორე ტალღა კი უფრო მტკივნეული აღმოჩნდა დარგისთვის. მართალია, პირველი ტალღის დროს აკრძალვების შედეგად, სრულად გაჩერდა მათ შორის ჰორეკა სექტორი, რაც დიდი დარტყმა იყო დარგისთვის, რადგან დაახლოებით, ჩვენი პორტფელის 20% სწორედ ჰორეკა მიმართულებაზე მოდის. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ინფექცია რეალურად არ იყო გავრცელებული, ეს დააკომპენსირა მაღაზიებიდან ნავაჭრმა. ამიტომ წინა პერიოდი დარგმა მეტნაკლებად უმტკივნეულოდ გადაიარა.

გამომდინარე იქიდან, რომ ვირუსი უფრო გავრცელებულია, ადამიანები მაქსიმალურად ზღუდავენ ყველაფერს და ბევრ რამეზე უარს ამბობენ. ეს კი გავლენას ახდენს ჩვენს ინდუსტრიაზეც. ამიტომ მეორე ტალღა უკვე ძალიან გვტკივა, ბოლო-მე-4 კვარტალში დაახლოებით 20 -25%-იანი კლება გვექნება“, - განაცხადა კოტრიკაძემ.

მისივე თქმით, წელს ,,ზედაზენმა“ მოახერხა არ გაეზარდა ფასები, თუმცა მომავალი წლისთვის პროდუქციის ღირებულების 5-10%-ით. ზრდა გარდაუვალი იქნება.

,,წელს ფასები არ დაგვიკორექტირებია, მიუხედავად იმისა, რომ ლარის გაუფასურებამ ბიზნესი დიდი წნეხის ქვეშ მოაქცია. მომავალ წელს, გამომდინარე იქედან, რომ ბიზნესი გვინდა რაციონალურ ჩარჩოებში დავაბრუნოთ, მოგვიწევს რაღაცების დაკორექტირება. თუ ვივარაუდებთ, რომ მომავალ წელსაც იგივე კურსი შენარჩუნდება, ეს უკვე გამოიწვევს თვითღირებულებაზე დარტყმას. ამას ემატება მსოფლიო ბაზარზე ფასების ზრდა ხორბალსა და ალაოზე. ასე რომ, ორმაგი წნეხის ქვეშ ვართ. იზრდება ნედლეულის ღირებულება და უფასურდება კურსი. ბიზნესმა რომ რენტაბელურობა შეინარჩუნოს და განაგრძოს ფუნქციონირება, გარდაუვალი იქნება ფასის ზრდა, თუ დამატებით სახელმწიფო არ დაეხმარება რამით ბიზნესს. ზრდა გაცილებით დიდია, მაგრამ ეს პირდაპირ ვერ აისახება მომხმარებელზე. ამიტომ გამოუვალი მდგომარეობის გამო მომავალ წელს ჩვენს პროდუქციაზე ფასი 5-10%-ით მოიმატებს”-თქვა კოტრიკაძემ ,,საქმეში“.

თამარ მუკბანიანი