2020 წელს დედაქალაქში მილიონ 113 193 კვ. მ ფართობი მოწესრიგდა და 873 ინფრასტრუქტურული ობიექტი რეაბილიტირდა

2020 წელს დედაქალაქში მოწესრიგებული გზების ფართობი შეადგენს 1 113 193 კვ. მეტრს. ამავე წელს თბილისის მუნიციპალიტეტში რეაბილიტირდა 873 ქუჩა, გამზირი, აღმართი და ხიდი, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის საკრებულოში ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

„მიმდინარე წლის განმავლობაში დაირგო 47 384 მწვანე ნარგავი, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროექტებში ჯამში 39 მლნ ლარი დაიხარჯა, ხოლო ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში 60 მილიონი ლარი. გარდა ამისა, 13 მილიონი ლარი იქნა მიმართული ავარიული შენობა-ნაგებობების გასამაგრებლად. ამავე წელს მერიის მხარდაჭერით განხორციელდა 60 სპორტის, 235 კულტურულ-შემეცნებითი და 50 ღონისძიება ახალგაზრდობისა და განათლების მიმართულებით. დაიწყო მულტიფუნქციური ცენტრების მშენებლობა დიდ დიღომსა და ვარკეთილში. მომავალში აღნიშნული პროექტები თბილისის ათივე რაიონში განხორციელდება. გარდა ამისა, წელს, ლილოს დასახლებაში აშენდა საცურაო აუზი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ოთხ, ხოლო სპორტული ინვენტარით აღიჭურვა სამი სპორტული ცენტრი. ასევე, ეკიპირებითა და ინვენტარით დახმარება გაეწია 15 სპორტულ ორგანიზაციას და ფედერაციას. თბილისის მერია ახორციელებს სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების მხარდაჭერის პროგრამას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, ამ ახალგაზრდებს სჭირდება ჩვენი თანადგომა, იმიტომ, რომ მათი განათლება ისევ ჩვენი ქვეყნის და ქალაქის საკეთილდღეოდ უნდა იქნეს გამოყენებული. ამ პროგრამის ფარგლებში სწავლა დაუფინანსდა 700 ახალგაზრდას, ხოლო წამახალისებელი სტიპენდია დაენიშნა 300-ზე მეტ სტუდენტს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ ანგარიშის დასასრულს მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტის მერიაში და დაქვემდებარებულ დაწესებულებაში დასაქმებულ ყველა თანამშრომელს.

„მინდა ამ და სხვა საქმისთვის ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მერიის თითოეულ თანამშრომელს, დაწყებული მეეზოვედან, დამთავრებული ვიცე-მერამდე, აბსოლუტურად ყველას. მინდა მადლობა გადაგიხადოთ, იმიტომ, რომ თქვენი მხარდაჭერის, თანადგომის გარეშე, შეუძლებელი იქნებოდა იმ წარმატებასა და პროექტების განხორციელებაზე საუბარი, რომელიც ჩემ მიერ გაჟღერდა. ძალიან რთული იყო 2020 წელი, თუმცა დარწმუნებული ვარ, 2021 უფრო მაგარი წელი იქნება, როდესაც ჩვენ შევძლებთ უფრო მეტი, კარგი პროექტის განხორციელებას თბილისისთვის და თბილისელებისთვის. მინდა მადლობა გადაგიხადოთ და წარმატებები გისურვოთ იმ საქმიანობაში, რასაც ჩვენ დედაქალაქის საკეთილდღეოდ ვახორციელებთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

კალაძის აღნიშნულ განცადებას თბილსის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.