დაგეგმილია ბაგებიდან საბურთალოს დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა, ქეთევან წამებულის სრული რეაბილიტაცია თავის მიწისქვეშა კომუნიკაციებით, ყიფშიძიდან გადმოსასვლელი ახალი გზის მშენებლობა, ბევრი კარგი პროექტია, რომელზეც დეტალურად მოგაწვდით ინფორმაციას,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
კალაძის თქმით, ოპონენტების კრიტიკა თბილისის ბიუჯეტთან დაკავშირებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავდა მიზნად. როგორც მან აღნიშნა, 2021 წელს ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. მისივე თქმით, ბიუჯეტის მესამედზე მეტი ჯანდაცვის და სოციალურ მიმართულებას მოხმარდება.
„თქვენ გახსოვთ, რამდენიმე კვირის წინ მიმდინარეობდა მიზანმიმართული, არასწორი კამპანია იმასთან დაკავშირებით, რომ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი არის შემცირებული. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი განმარტება იქნა გაკეთებული ჩვენი მხრიდან, იყო მცდელობა რომ საზოგადოება შეეყვანათ შეცდომაში, თუმცა, რეალობა სულ სხვა არის. ბიუჯეტი რომელიც იქნა წარდგენილი, არის გაცილებით მეტი, ვიდრე საუბრობდნენ ოპონენტები და რა თქმა უნდა, მორგებულია ქალაქის კეთილდღეობაზე. ბიუჯეტის მესამედზე მეტი მიმართული იქნება ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით და ყველა იმ ოჯახს, ვისაც ჩვენი მხრიდან დახმარება სჭირდება, მაქსიმალურად გვერდში დავუდგებით. ასევე განსაზღვრულია ინფრასტრუქტურული პროექტები, იცით, რომ 2020 წელს პანდემიის გამო ბევრი პროექტის განხორციელება ვერ მოხერხდა, რადგან თანხები იქნა მიმართული სხვადასხვა პრიორიტეტულ მიმართულებაზე და 2021 წელი იქნება ის წელი, სადაც ბევრი კარგი პროექტის განხორციელებას შევძლებთ ჩვენი ქალაქისთვის.
დაგეგმილია ბაგებიდან საბურთალოს დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა, ქეთევან წამებულის სრული რეაბილიტაცია თავის მიწისქვეშა კომუნიკაციებით, ყიფშიძიდან გადმოსასვლელი ახალი გზის მშენებლობა, ბევრი კარგი პროექტია, რომელზეც დეტალურად მოგაწვდით ინფორმაციას,“- განაცხადა კალაძემ.