კატეგორიულად მიუღებელია და არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ სკვერების, სპორტული მოედნების, რეკრეაციული სივრცეების ხარჯზე საცხოვრებელი ფართების აშენებას , - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ საკრებულოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, მომავალ წელს კასკადის რეაბილიტაცია დაიწყება, რომელიც, კალაძის შეფასებით, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია.
„ეკოლოგიურ მდგომარეობას მინდა შევეხო, რომელიც არ არის სახარბიელო. ამ მიმართულებით მთელი რიგი ღონისძიებები განხორციელდა. მნიშვნელოვანი იყო სამშენებლო სექტორისთვის დაწესებული რეგულაციები - შეიძლება ცოტა მტკივნეული, მაგრამ აუცილებელი. ასევე, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქალაქში მწვანე სივრცეების არსებობას. ჩვენ გვახსოვს ყველას წლები, როდესაც სკვერების ადგილზე, სპორტული მოედნების ხარჯზე მიმდინარეობდა შენობა-ნაგებობების განთავსება და საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა. ეს, რა თქმა უნდა, კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის და არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ სკვერების, სპორტული მოედნების, რეკრეაციული სივრცეების ხარჯზე საცხოვრებელი ფართების აშენებას. ჩვენ დავიწყეთ ვაკის პარკის რეაბილიტაცია და ეს პროექტი წარმატებით მიმდინარეობს. მომავალ წელს დავიწყებთ კასკადის რეაბილიტაციას, რომელიც, ასევე, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ორი წლის თავზე გვექნება ქალაქის ცენტრში კიდევ ერთი განახლებული სივრცე. უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ძალიან მეამაყება, ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც ჩვენ დავიწყეთ ამ პროექტების განხორციელება, არსებული სკვერების მოწესრიგება, პარკების განახლება, ქალაქში შემოვიდა საპარკო კულტურა, რაც ნამდვილად სასიამოვნოა და საღამოობით, როდესაც გადიხარ, პარკები გადავსებულია ყველა თაობის ადამიანით. იმიტომ, რომ ჩვენ შევქმენით სივრცეები, სადაც ყველას აქვს შესაძლებლობა, გაერთოს, დაისვენოს, ივარჯიშოს, ველოსიპედით გაისეირნოს, პატარები გამოიყვანოს ატრაქციონებზე. შეიქმნა სკეიტ პარკები, რომლებიც ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს და რა თქმა უნდა, მომავალშიც ვაპირებთ ამ მიდგომით მუშაობას მწვანე სივრცეებზე“,-განაცხადა კალაძემ