„გამაგრილებელი სასმელების ინდუსტრია 30%-ით არის შემცირებული,“ - ამის შესახებ, „ზედაზენის“ გენერალურმა დირექტორმა კახა კოტრიკაძემ ,,რადიოპალიტრასა“ და ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ განაცხადა.
„ლიმონათის მიმართულებამ ძალიან განიცადა ტურისტების ნაკლებობა და ჰორეკა სექტორის დახურვა. ამის დაკომპენსირება ვერაფერმა შეძლო. ინდუსტრიას საგრძნობი შემცირება აქვს და ეს ეხება მთელ პერიოდს და არა მხოლოდ მეოთხე კვარტალს. მსყიდველობითი უნარის შემცირებამ, თავისი ნიშანი დაატყო წვენის ინდუსტრიას. ამ მიმართულებით, წინა წელთან შედარებით, 30%-მდე გვაქვს შემცირება. რაც შეეხება ექსპორტს, ამ თვალსაზრისით არ გვაქვს შემცირება და საექსპორტო ნიშნული იგივე დონეზეა, რაზეც წინა წელს. მსყიდველუნარიანობის შემცირებამ, ლარის დევალვაციამ, ტურისტების შემცირებამ და პანდემიურმა ფონმა ერთმნიშვნელონად ყველა მიმართულებით იქონია გავლენა,“-განაცხადა კოტრიკაძემ.
მისივე თქმით, მათი სექტორი 2019 წლის ნიშნულს 2022 წლამდე ვერ დაუბრუნდება. თუმცა იქამდე, ხელისუფლებისაგან გარკვეული შეღავათებია საჭირო.
,,იმისათვის, რომ მოხდეს ამ მძიმე მდგომარეობის შემსუბუქება, ბიზნეს სუბიექტებისთვის, რომლებმაც მოახერხეს და გადარჩნენ, ძალიან კარგი იქნება აქციზის გადასახადის დაბრუნება 2015 წლამდელ არსებულ ნიშნულზე. როცა ერთ გრადუსზე 8 თეთრი იყო, ნაცვლად 12 თეთრისა, რომელიც ახლა გვაქვს, მცირე დროით მაინც. ეს საშუალებას მისცემდა კომპანიებს, რომ ნაწილობრივ მაინც დაეკომპენსირებინათ დანახარჯები და არ გაეზარდათ ფასი მომხმარებლისთვის.
პრემიერის და მთავრობის ძალიან კარგი ინიციატივა იყო, როცა მოხდა საგადასახადო შეღავათების დაწესება. ამან სტიმული მისცა კომპანიებს, რომ გაეგრძელებინათ საოპერაციო საქმიანობა. გამომდინარე იქედან, რომ 2021-ც იქნება კრიზისული წელი, ეს შეღავათები უნდა დარჩეს. პანდემიამდელ მდგომარეობას ვფიქრობთ, რომ ჩვენი ბიზნესი 2022 წელს დაუბრუნდება“-აცხადებს ,,ზედაზენის“ გენერალური დირექტორი.