„გარაჟის რესურსი რაც კი არსებობდა, აღმოჩნდა გზებზე,“ - ამის შესახებ ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელმა დავით მესხიშვილმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
„საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ ნიშნავს მხოლოდ იმ ადამიანების გადაყვანას, რომლებსაც არ ყავთ კერძო ავტომობილი, ნიშნავს იმ ადამიანებსაც, რომლებიც კერძო ავტომობილს ასვენებენ და გადაადგილდებიან საზოგადოებრივი ტრანსპორტით. შესაბამისად, ახლა მთელი გარაჟის რესურსი რაც კი არსებობდა, აღმოჩნდა გზებზე. ეს გამოიწვია საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებამ, რასაც არასდროს ვეთანხმებოდი და ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება არასწორია.
საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების შესახებ არც კი გამიგია, მათ შორის იტალიაშიც კი, სადაც ყველაზე მწვავედ იდგა პანდემიის საკითხი, არ აუკრძალავთ. საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვა არის არაადამიანური გადაწყვეტილება, არაჰუმანური აქტია. ეს აკრძალვა არაფერს ემსახურება, გარდა იმისა, რომ მოაქვს პრობლემები. იმ ადამიანებისთვის, ვისაც ავტომობილი ყავს, აქვს საწვავის ფული და ფინანსური შესაძლებლობა, არაფერი შეცვლილა და ვინც ვერ გადაადგილდება არის - სოციალურად დაუცველი და ფინანსურად შეჭირვებული ადამიანი. ეს არის დისკრიმინაციული გადაწყვეტილება. დედაქალაქში დაახლოებით, 600-700 ათასი ადამიანია, ვისაც ავტომობილი არ ყავს ანუ მობილობა შევამცირეთ იმ ადამიანების ხარჯზე, ვისაც კერძო ავტომობილი არ ყავს,“-განაცხადა მესხიშვილმა.