შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის ინფორმაციით, 28 ნოემბრიდან 28 დეკემბრის ჩათვლით 37095 აქტივობა განხორციელდა, საიდანაც ზედამხედველობის შედეგად აკრძალული საქმიანობის გამო საქმიანობა შეუჩერდა 6000-ზე მეტ ობიექტს და დაჯარიმდა 36 ობიექტი.
როგორც ფერაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, 26-27 დეკემბერს გაიცა 843 ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება და სოციალური ღონისძიებების გამართვისთვის 2 ობიექტი დაჯარიმდა.
მისივე თქმით, ზოგადი ვითარება საკმაოდ დადებითია და როგორც სავაჭრო ობიექტების, ასევე მოსახლეობის მხრიდან დადებითი დინამიკა შეინიშნება, თუმცა ეს მოდუნების საფუძველი არ უნდა იყოს.
„2020 წლის 26-27 დეკემბერს ერთობლივი მონიტორინგის ფარგლებში განხორციელდა 2779 აქტივობა. ძირითადი აქცენტი გაკეთებულია თბილისში, ქუთაისში, იმერეთში და აჭარის რეგიონში. შემოწმდა 54 სავაჭრო მოლის ტერიტორია და მათში არსებული 1791 ობიექტი. მონიტორინგით დადასტურდა, რომ 20 ობიექტი აკმაყოფილებდა მოთხოვნებს, 69 ობიექტზე დადგინდა, რომ საქმიანობას პროტოკოლის სრული დაცვით ახორციელებდნენ, 843 ობიექტზე პრევენციული მიზნებიდან გამომდინარე გაიცა ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება და სამწუხაროდ, დაჯარიმდა 2 ობიექტი სოციალური ღონისძიებების გამართვისთვის.
2020 წლის 28 ნოემბრიდან - 28 დეკემბრის ჩათვლით 37095 აქტივობა განხორციელდა, საიდანაც ზედამხედველობის შედეგად ცნობიერების ამაღლების კუთხით ჩატარდა 24337 სარეკომენდაციო ხასიათის ინსპექტირება. აკრძალული საქმიანობის გამო საქმიანობა შეუჩერდა 6000-ზე მეტ ობიექტს და ჯამში დაჯარიმებულია 36 ობიექტი.
ზოგადი ვითარება საკმაოდ დადებითია, შაბათ-კვირის განმავლობაში ობიექტები, რომლებსაც მიეცათ მუშაობის უფლება, იცავენ პროტოკოლის მოთხოვნებს. მოსახლეობის მხრიდანაც შეინიშნება დადებითი დინამიკა, თუმცა არ მინდა ეს იყოს მოდუნების საფუძველი“, - აღნიშნა ბექა ფერაძემ.