„ქართული ოცნების“ დეპუტატი, ირაკლი ზარქუა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის (ყოფილი ფინანსური პოლიცია) შესწავლას სთხოვს. ამის შესახებ ირაკლი ზარქუამ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომაზე განაცხადა.
„ჩემი რეკომენდაცია იქნება, თუ შესაძლებელია, რომ ფინანსური პოლიციის შესწავლა მოხდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მხრიდან. იმიტომ, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესი, საგადასახადო ორგანოები, რომლებმაც ბიუჯეტში თანხის აკუმულირება უნდა შეძლონ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის კითხვები, პრეტენზიები, რაც ამ ინსტიტუციების მიმართ ბიზნესისგან ისმის, არის საფუძვლიანი თუ უსაფუძვლო. ამიტომ, მე როგორც რიგითი დეპუტატი, გთხოვთ თუ შესაძლებელია, რომ ფინანსური პოლიცია თქვენს შესამოწმებელ ნუსხაში მოხვდეს“, - აღნიშნა მან.