სააპელაციო სასამართლოში საქართველოში "სტოლიჩნაიას" სავაჭრო ნიშნების შესახებ საქმის განხილვა გაიმართება

29 დეკემბერს სააპელაციო სასამართლოში საქართველოში "სტოლიჩნაიას" სავაჭრო ნიშნების შესახებ საქმის განხილვა გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას SPI ჯგუფის ნაწილი, ZHS IP Worldwide Sarl ავრცელებს.

მათი ცნობით, რუსული სახელმწიფო კომპანია, FKP Sojuzplodoimport მანიპულირებს ქართველ მომხმარებლებზე.

„ქვედა სასამართლომ მანამდე მიიღო გადაწყვეტილება რუსულ სახელმწიფო კომპანია FKP Sojuzplodoimport-ის სასარგებლოდ, რაც ფაქტობრივად აბათილებს (გასაჩივრებადია) SPI ჯგუფის საკუთრებაში არსებული ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს.

ეს საქმე საერთაშორისო დავის ნაწილია, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში ხუთ კონტინენტზე მოხდა, რაც შეიძლება შეფასდეს, როგორც საერთაშორისო ექსპროპრიაციის მცდელობა უცხოური სასამართლოების მანიპულირების გზით, რუსულმა სახელმწიფომ შეძლო მხოლოდ სასაქონლო ნიშნების კონტროლი რამდენიმე იურისდიქციაში. კომპანიაზე 20-წლიანი თავდასხმის მიუხედავად, SPI ჯგუფი სავაჭრო ნიშანს ფლობს 180–ზე მეტ ქვეყანაში.

ქართული დავა განსხვავებულია ამ ბრენდთან დაკავშირებული სხვა დავის უმეტესობისგან. უმეტეს იურისდიქციებში, სადაც დავა მიმდინარეობს, რუსული სახელმწიფო კომპანია ცდილობს, მასზე გადაეცეს საბჭოთა პერიოდის სავაჭრო ნიშნები. საქართველოში, საბჭოთა პერიოდის სავაჭრო ნიშნები არ არსებობდა. ქართული სასაქონლო ნიშნები მხოლოდ SPI-მ დაარეგისტრირა მას შემდეგ, რაც სსრკ-მ არსებობა შეწყვიტა.

შედეგად, რუსულ სახელმწიფოს მოუწია პრეტენზიის წარმოება, რომელიც ეფუძნებოდა „ერთგვარ“ ძალისხმევას, ქართველი მომხმარებლების გადარჩენას „შეცდომაში“ შესვლისგან, მაგრამ სწორედ რუსული სახელმწიფოა, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს ქართველი მომხმარებელი. SPI ჯგუფი არ აცხადებს, რომ მისი არაყი რუსეთში იწარმოება - პირიქით, მისი ეტიკეტებით ირკვევა, რომ არაყი მზადდება სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში, ლატვიაში. ასე რომ, FKP ცდილობს შექმნას დაპირისპირება, რომელიც არ არსებობს.

ამასთან, თუ სააპელაციო სასამართლო არ გააუქმებს ქვედა სასამართლოს მცდარ გადაწყვეტილებას, ეს გზას გაუხსნის სხვა ოპორტუნისტებს, რომელთაც შეეძლებათ სხვა მნიშვნელოვანი ბრენდების სავაჭრო ნიშნის უფლებების გასაჩივრება ცრუ პირობებით. ეს ძლიერ შელახავს საქართველოს რეპუტაციას, მათ შორის ბიზნესის და ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვაში.

ვიმედოვნებთ, რომ სააპელაციო სასამართლო გააუქმებს ქვედა სასამართლოს გადაწყვეტილებას და საქართველოში სამართლიანობა იზეიმებს“, - აღნიშნულია ISP ჯგუფის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ინტერპრესნიუსთან“ კომენტარს აკეთებს იურიდიული ფირმა BLB-ის მმართველი პარტნიორი, კომპანია Worldwide-ს იურისტი და წარმომადგენელი საქართველოში, კახა შარაბიძე. მისი თქმით, მთავარია, თუ კონკრეტულად რა კუთხით დავობს მოსარჩელე რუსული სახელმწიფო კომპანია.

„ამ საქმის მთავარი ფაბულა შემდეგია: მოსარჩელე Sojuzplodoimport აცხადებს, რომ მას სასაქონლო ნიშანი „სტოლიჩნაია“ რუსეთში აქვს რეგისტრირებული, თუმცა საქართველოში ამ რუსული სახელმწიფო კომპანიის უფლებას, მაგალითად, ინტელექტუალური საკუთრების უფლებას არავინ არღვევს. მოსარჩელე დავობს არა ამ საფუძვლით, არამედ, ქართული მომხმარებელთა ინტერესების დაცვის სარჩულით - ის ცდილობს, გააუქმოს და მიაღწია კიდეც ამ ნიშნების გაუქმებას იმ სარჩულით, რომ მათი რეგისტრაცია ქართველი ალკოჰოლური სასმელების მომხმარებელთა უფლებებს არღვევს. ე.ი., ამ შემთხვევაში კომპანია გვევლინება ქართველი მომხმარებლების და არა - საკუთარი უფლებების დამცველად“, - აღნიშნავს შარაბიძე.

მისივე თქმით, ეს კანონმდებლობაში, კონკრეტულად მუხლში „სასაქონლო ნიშნების კანონი“, არსებული დებულების ბრალია, რომლის თანახმადაც თუ სასაქონლო ნიშანი მომხმარებელს უქმნის არასწორ წარმოდგენას ამა თუ იმ პროდუქციის გეოგრაფიული ადგილწარმოშობის შესახებ, მაშინ ამგვარი ტიპის ნიშნის რეგისტრაცია შეიძლება, გაუქმდეს.

„რუსულმა კომპანიამ მოძებნა, ასე ვთქვათ, ხვრელი ქართულ კანონმდებლობაში, ეს პოსტულატი და ცდილობს დაამტკიცოს, რომ ქართველი მომხმარებელი ტოტალურადაა შეყვანილი შეცდომაში.

ეს დავა ძალიან პრეცედენტულია და თუ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დარჩება, ეს ქვეყანაში გამოიწვევს ქაოსს ამ მიმართულებით - ამან შეიძლება, საქართველოში რეგისტრირებული ყველა საერთაშორისო სასქონლო ნიშნის გაუქმება გამოიწვიოს ანალოგიური საფუძვლით“, - აცხადებს კახა შარაბიძე „ინტერპრესნიუსთან“.