სტანდარტები, რომლებსაც დასაქმებისა და უმუშევრობის სტატისტიკა დღეიდან დაეფუძნება, შემუშავებულია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ, - ამის შესახებ ILO-ს მთავარი სტატისტიკოსი კირან უალში აცხადებს.
„საქართველომ, ახალი სტანდარტის დასანერგად აქტიურად დაიწყო თანამშრომლობა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან და დანიის სტატისტიკის სამსახურთან ევროკავშირის პროგრამა „ტვინინგის“ პროექტის ფარგლებში, რათა ახალი სტანდარტების დანერგვა განხორციელებულიყო საერთაშორისოდ აღიარებული საუკეთესო პრაქტიკისა და წამყვანი ქვეყნების გამოცდილების საფუძველზე. შედეგად, დღეს საქსტატს უკვე აქვს უახლესი მეთოდოლოგიით გაანგარიშებული დასაქმებისა და უმუშევრობის სტატისტიკა“ ,-აცხადებს ILO-ს მთავარი სტატისტიკოსი.
კირან უალშის განცახადებით, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ისეთი სამუშაოს შესრულება, როგორიცაა ოჯახურ მეურნეობაში საკვების წარმოება საკუთარი მოხმარებისთვის, ახალი მეთოდოლოგიის მიხედვით, აღარ ითვლება დასაქმებად. მეთოდოლოგიის ცვლილება და ახალი სტანდარტების დანერგვა, თავისთავად ახდენს გავლენას ქვეყნის სტატისტიკურ მაჩვენებლებზე. ზემოაღნიშნული მეთოდოლოგიური ცვლილება, საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, იწვევს დასაქმების მაჩვენებლის შემცირებას და უმუშევრობის მაჩვენებლის გაზრდას.
შეგახსენებთ, რომ საქსტატმა უკვე გამოაქვეყნა ახალი მეთოდოლოგიის შესაბამისად გაანგარიშებული დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლები, განახლებულ ისტორიულ დინამიკურ მწკრივებთან ერთად. მსოფლიოს მრავალი ქვეყანა და მათ შორის საქართველოც, დღემდე 1982 წელს მიღებულ სტანდარტებს იყენებდა. 2013 წელს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ შეიმუშავა ახალი სტანდარტები, რომელიც ძალაში შევიდა 2018 წლის ოქტომბერში.