თამარ გაბუნია - 2021 წელს ტუბერკულოზის პროგრამაში ჩართული ექიმების და ექთნების ხელფასის ზრდა იგეგმება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, 2021 წელს ტუბერკულოზის პროგრამაში ჩართული ექიმების და ექთნების ხელფასის ზრდა იგეგმება.

გაბუნიას თქმით, მომავალი წლიდან ჯანდაცვის სამინისტროსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ფსიქიატრია და მენტალური ჯანმრთელობა იქნება.

“2020 წელს სახელფასო მატება შეეხო ოჯახის ექიმებს, პირველად ჯანდაცვაში დასაქმებულ სპეციალისტებს სოფლის პროგრამის ფარგლებში, ასევე შეეხო დანამატი კოვიდის პროგრამაში დასაქმებულ ყველა სპეციალისტს, რომელიც მუშაობს უშუალოდ კოვიდ-პაციენტებთან და გასაგებია, ეს უკავშირდება განსაკუთრებით მაღალ რისკებს და იმ სამუშაო დატვირთვას, რაც ამ ადამიანებს აქვთ და დაახლოებით 50%-იანი მატება იყო ამ შემთხვევაში მათი ბაზისური ხელფასიდან და განისაზღვრა ის საათობრივი ანაზღაურების დონეები, რაც დამატებით უნდა მიიღონ კოვიდის პროგრამაში ჩართულმა პერსონალმა. რაც შეეხება სამომავლო პროგრამებს - სამომავლო პროგრამებში ტუბერკულოზის პროგრამაში იგეგმება ხელფასის მატება ექიმების და ექთნებისთვის და დაახლოებით 25-30%-მდე მატებაა, როგორც ექიმებისთვის ასევე, ექთნებისთვის მინიმალური ბაზისური ხელფასის პროგრამის ფარგლებში. ასევე, საწოლდღეზე ანაზღაურება იზრდება ფსიქიატრიული პროგრამის ფარგლებში. ფსიქიატრია და მენტალური ჯანმრთელობა ჩვენთვის აქამდეც იყო პრიორიტეტი, მაგრამ დღეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მენტალური ჯანმრთელობის პრიორიტეტულობის ხაზგასმა, განსაკუთრებით დეინსტიტუციალიზაცია და სათემო საცხოვრისებში ბენეფიციარების უფრო მეტად მზარდი რაოდენობის გადმოყვანა. გარკვეული პროგრესი გასულ წელსაც იყო ამ მიმართულებით, თუმცა მომავალ წელსაც ვფიქრობთ, რომ კიდევ დამატებით 5-6 ახალი მცირე ზომის საცხოვრისი გაიხსნას, რაც მოგვცემს 30-მდე ბენეფიციარის თიმსში დაბინავების საშუალებას. მნიშვნელოვანი იყო გასული წლის ცვლილება ამ მიმართულებით, რადგან საზოგადოებაში სტიგმა ჯერ კიდევ მაღალია და კარგი იქნება, ამ ტიპის ინიციატივები უფრო ფართოდ გაიშალოს. ასევე პრიორიტეტული ინება მომავალ წელს განსაკუთრებით პირველადი ჯანდაცვა, როგორც ინფრასტრუქტურული პროექტების მხრივ და ტელემედიცინის ინიციატივა დაინერგება ძალიან ინტენსიურად მომავალი წლიდან. წელს პანდემიამ განსაკუთრებით გვაჩვენა თუ რამდენად მნიშვნელოვანია დისტანციური საშუალებებით პაციენტებთან კომუნიკაცია იმისთვის, რომ გვქონდეს ხარისხიანი სერვისი, ფიზიკური ხელმისაწვდომობის გარეშე”, - განაცხადა გაბუნიამ.