კორონავირუსის გავრცელების ფონზე, მმართველი გუნდის მიერ დაპირებული საგადასახადო შეღავათები საკანონმდებლო ინიციატივის სახით მზად არის და პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.
პროექტი ფრაქცია “ქართული ოცნების“ წევრებმა დავით სონღულაშვილმა, ბექა ლილუაშვილმა, გოჩა ენუქიძემ და მარიამ ქვრივიშვილმა მოამზადეს.
“საგადასახადო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, შესაძლებელი ხდება, გადასახადის გადამხდელებმა დისტანციურად, დავის განმხილველ ორგანოში მისვლის გარეშე, საჩივრის განხილვის პროცესში მიიღონ მონაწილეობა.
ამასთან, პროექტის თანახმად, კიდევ ექვსი თვით - 2020 წლის 1-ელი დეკემბრიდან 6 თვის განმავლობაში, გრძელდება საშემოსავლო გადასახადში დაწესებული შეღავათის მოქმედება. კერძოდ, დამქირავებელი უფლებამოსილი ხდება ბიუჯეტში არ გადაიხადოს დაქირავებულისთვის გაცემული 750 ლარამდე ხელფასიდან დაკავებული და გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი, თუ ამ დაქირავებულის მიერ ამავე დამქირავებლისგან 1 კალენდარული თვის განმავლობაში მიღებული ხელფასი 1500 ლარს არ აღემატება. როგორც ინიციატორები განმარტავენ, აღნიშნული საგადასახადო შეღავათი 42 ათასზე მეტ კომპანიაში დასაქმებულ 550 ათასზე მეტ პირს შეეხება. საგადასახადო შეღავათის ოდენობა საშემოსავლო გადასახადში 270 მილიონ ლარს შეადგენს.
2020 წლის 1-ელი დეკემბრიდან მომდევნო 6 კალენდარული თვის განმავლობაში გაგრძელდება ქონების იჯარის/ლიზინგის მომსახურების დღგ-ით დაბეგვრის შესაძლებლობა შესაბამისი თანხის ფაქტობრივად გადახდის საანგარიშო პერიოდში. პროექტის ავტორთა ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს კომპანიებს თავიდან აირიდონ დამატებითი საგადასახადო ვალდებულებების წარმოქმნა, რაც მძიმე ტვირთად დააწვება მათ ფინანსურ მდგომარეობას.
2021 წლის ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულებისაგან თავისუფლდებიან პირები, რომლებიც ეწევიან ეკონომიკური საქმიანობის სახეების საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის“ (სეკ 006-2016) კოდებით (ტურისტული სექტორი, სასტუმროები, რესტორნები და სხვა) გათვალისწინებულ საქმიანობას. აღნიშნული საგადასახადო შეღავათი შეეხება 1000-ზე მეტ კომპანიას, სადაც დასაქმებულია 30 ათასზე მეტი პირი. საგადასახადო შეღავათის ოდენობა ქონების გადასახადში 45 მილიონ ლარს შეადგენს.
პროექტის თანახმად, აღნიშული საქმიანობის განმახორციელებელ პირებს (ტურისტული სექტორი, სასტუმროები, რესტორნები და სხვა), ეძლევათ უფლება ბიუჯეტში არ გადაიხადონ საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 114-ე ნაწილის შესაბამისად გადავადებული საშემოსავლო გადასახადი, რაც “ხელს შეუწყობს ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირების საქმიანობის უწყვეტობას და სამუშაო ადგილების შენარჩუნებას“. აღნიშნული საგადასახადო შეღავათი შეეხება 1000-მდე კომპანიას, სადაც დასაქმებულია 40 ათასამდე პირი. საგადასახადო შეღავათის ოდენობა საშემოსავლო გადასახადში 20 მილიონ ლარს შეადგენს.
“საგადასახადო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებებით, იქმნება შესაძლებლობა, ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურში, ხულოს მუნიციპალიტეტში მდებარე კურორტ გოდერძიზე და მესტიის მუნიციპალიტეტის დაბა მესტიაში განლაგებულ სასტუმროებს, საურავის დარიცხვის გარეშე, გადაუვადდეთ 2020 წლის ნოემბრის და დეკემბრის საშემოსავლო გადასახადის გადახდის ვადა 2021 წლის 1 ივლისამდე. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნულ კურორტებში არსებული სასტუმროების საქმიანობა დასაშვებია მხოლოდ საკარანტინე სივრცეების მოწყობის მიზნით. გადასახადის გადავადება დადგენილ საგადასახადო შეღავათთან ერთად აღნიშნულ პერიოდში დაეხმარება კომპანიებს შეინარჩუნონ თანამშრომლები. აღნიშნული საგადასახადო შეღავათი შეეხება 100-ზე მეტ კომპანიას და გადავადებული გადასახადის ოდენობა შეადგენს 0,5 მილიონ ლარს.
გარდა ამისა, პარლამენტში წარდგენილი პროექტის მიღების შედეგად, 2023 წლამდე იმპორტისას დღგ-ით დასაბეგრი თანხის (საქონლის ღირებულება საბაჟო მიზნებისთვის) გაანგარიშება განხორციელდება მასში დამატებით კომპონენტების (იმპორტთან დაკავშირებული საფასურები, თანმდევი ხარჯები და სხვა) შეტანის გარეშე.
“აღნიშნული მიზნად ისახავს საბაჟო პროცედურების გამარტივებას, კერძოდ, ხსენებული საკითხის გადაწყვეტა მოითხოვს შესაბამის ტექნიკურ/პროგრამულ აღჭურვილობას, მისი აღსრულება 2021 წლის 1 იანვრიდან ახალი კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი გავრცელების პირობებში თითქმის შეუძლებელია, ხოლო ამ დროის განმავლობაში კი შესაძლებელი იქნება შესაბამისი საბაჟო პროცედურების განხორცილებისათვის საგადასახადო ორგანოს მიერ ადეკვატური მექანიზმების დანერგვის უზრუნველყოფა“, - ნათქვამია პროექტის განმარტებით ბარათში.