CNN - მომავალ წელს სამოგზაუროდ შესაძლოა, COVID-19–ის ვაქცინის პასპორტი დაგჭირდეთ

მომავალ წელს სამოგზაუროდ შესაძლოა, COVID-19–ის ვაქცინაციის პასპორტი დაგჭირდეთ – ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

„2021 წლის დასაწყისიდან საერთაშორისო მოგზაურობა ეტაპობრივად აღდგება და ავიამიმოსვლა რეგულარული გახდება, შედეგად კი, ადამიანები მსოფლიოს მასშტაბით, ტურისტული ვიზიტების განხორციელებას შეძლებენ. თუმცა იმისათვის, რომ იმოგზაუროთ ბილეთის, დაზღვევისა და ვიზის გარდა, კორონავირუსის წინააღმდეგ გაკეთებული ვაქცინაციის დამადასტურებელი ცნობა აუცილებლად დაგჭირდებათ“, - წერს CNN.

როგორც ცნობილია, მომდევნო წლიდან არაერთი ავიაკომპანია გეგმავს კორონავირუსის ვაქცინაციის ცნობის წარდგენა სავალდებულო გახადოს. მათ შორისაა Cathay Pacific, JetBlue, Lufthansa, Swiss Airlines, United Airlines და Virgin Atlantic. ცნობის არქონის შემთხვევაში კი, დიდი ალბათობით, მგზავრები თვითმფრინავის ბორტზე არ დაიშვებიან.

გამოცემა წერს, რომ ავიამიმოსვლის გარდა ვაქცინაციის დამადასტურებელი ცნობა შესაძლოა, აუცილებელი გახდეს თეატრებში, კინოთეატრებში, მოედნებზე, ოფისებსა და კიდევ ათობით სხვა დაწესებულებაში მოსახვედრად.

დღესდღეობით უკვე რამდენიმე კომპანია მუშაობს მობილურის აპლიკაციაზე, სადაც შეძლებთ ატვირთოთ საკუთარი მონაცემები ვაქცინაციასა და კორონავირუსის ტესტთან დაკავშირებით და მათი მეშვეობით სხვადასხვა ობიექტის მონახულებას შეძლებთ.

ისეთი დიდი კომპანიები, როგორიცაა IBM, გეგმავენ შექმნან სპეციალური აპლიკაცია, სადაც მათი დასაქმებულები ვაქცინაციის ტესტის ატვირთვას შეძლებენ, შედეგად კი თანამშრომლები ოფისში შესვლას დაბრკოლების გარეშე შეძლებენ. კომპანიების წარმომადგენლების თქმით, მათ სურთ თანამშრომლების უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული.

ტექნოლოგიურმა გიგანტებმა, Apple-მა და Google-მა კი შექმნეს მობილურის აპლიკაცია, რომელიც ტელეფონის მფლობელებს მათ გარემოცვაში მყოფი ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობას ატყობინებს. უფრო კონკრეტულად კი, აპლიკაციაში მითითებული იქნება მობილური ტელეფონის მფლობელს აქვს თუ არა გადატანილი კორონავირუსი და ბოლოს როდის ჩაიტარა ტესტი.

კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია 2 კვირის წინ აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოში დაიწყეს. გუშინ კი პაციენტები პირველად ევროკავშირის ქვეყნების უემეტესობაში აცრეს.

ბექა ბერიაშვილი