პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი გაუარესებულია, ხელფასების მცირეოდენი ზრდაა გათვალისიწნებული. კერძოდ, ბიუჯეტის მიხედვით, ხელფასები ეზრდებათ პოლიციელებს, მასწავლებლებსა და ჯარისკაცებს. მისი თქმით, ხელფასები 100 ლარით ეზრდებათ იმ პედაგოგებს, ვინც გარკვეულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ.
„შემოტანილია ბიუჯეტის ბოლო, კორექტირებული ვერსია. შეცვლილია ყველა პარამეტრი, ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი გაუარესებულია. ბიუჯეტის დეფიციტი არის 7,6%. ხოლო სესხების მაჩვენებელი არის 60%-ზე ზემოთ. ეს კრიტიკული მაჩვენებელია, რომელიც როგორც ეკონომისტსა და ფინანსისტს მაწუხებს. თუმცა, მთავრობა გვეუბნება, რომ არ მოხდება ამ მაკროეკონომიკური რისკების რეალიზაცია და აქვს გარკვეული გეგმა, რომლის მიხედვითაც ამ პარამეტრებს შეამცირებს. მიუხედავად გაუარესებული მაკროეკონომიკური ფონისა, ბიუჯეტში ჩადებულია ყველა ის სოციალური ვალდებულების შესრულება, რომელიც ხელისუფლებამ გამოაცხადა, ეს არის კოვიდთან დაკავშირებული ხარჯები, სოციალური ვალდებულებები, ასევე ბიზნესის მხარდაჭერის კუთხით, 2021 წელს 2,5% მილიარდი ლარით მეტი დაიხარჯება ვიდრე იხერჯება 2020 წელს. ეს იმას ნიშნავს, რომ ხარჯები, ასიგნებები იქნება 18,4 მილიარდი ლარი. გარდა ამისა, გათვალისწინებულია გარკვეული ინფრასტრუქტურული პროექტების გაგრძელება იმისათვის, რომ ეკონომიკის განვითარება არ შეჩერდეს და როგორც კი კოვიდთან დაკავშირებული პრობლემები ამოიწურება შევძლოთ ეკონომიკის განვითარება. ეკონომიკის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა მომავალი წლის ბიუჯეტში ჩადებულია 4,3%-ის ფარგლებში. დამძიმებულია მაკროეკონომიკური ფონი, რაც გამოწვეულია იმით, რომ საქართველოში და მთელ მსოფლიოში არის კრიზისი",- განაცხადა კოვზანაძემ.
რაც შეეხება საგარეო ვალს, კოვზანაძის თქმით, ის კრიტიკულ ზღვარზეა - 60,1% არის.
"ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეს პარამეტრი შემცირდეს, ჩამოსცილდეს 60%-ს და ასევე შემცირდეს ბიუჯეტის დეფიციტი. ამისთვის, როგორც მთავრობა გვეუბნება, მთელი რიგი ღონისძიებებია გათვალისწინებული. პრინციპულად მნიშვნელოვანია ჩვენი ტიპის ქვეყნისთვის, რომ შემცირდეს როგორც საგარეო ვალი, ისე ბიუჯეტის დეფიციტი, რათა მომავალ წელს ქვეყანაში გვქონდეს მონეტარული სტაბილურობა", - განაცხადა კოვზანაძემ.
მისივე განმარტებით, კომიტეტის სხდომაზე ბიუჯეტის შესახებ ყველა მუხლს დეტალურად განიხილავენ.