ნათია თურნავა ელექტროენერგიის ტარიფზე - დარწმუნებულები ვართ, რომ სემეკი დაბალანსებულ გადაწყვეტილებას მიიღებს - არ ჩავერევით მათ კომპეტენციაში

დარწმუნებულები ვართ, რომ სემეკი მიიღებს დაბალანსებულ, ოპტიმალურ გადაწყვეტილებას,- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ განცხადების კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც, ელექტროენერგიის ტარიფის მნიშვნელოვანი ზრდა გარდაუვალია.

მინისტრის თქმით, ელექტროენერგიის ტარიფის დადგენა სემეკის პრეროგატივაა.

„გასაგებია, რომ კრიზისი განსაკუთრებით ფინანსური კრიზისი პანდემიის დროს ბევრ კომპანიას შეეხო. რაც შეეხება ელექტროენერგიის ტარიფებს, იცით რომ საქართველოში კანონმდებლობის თანახმად, ტარიფების დადგენას დამოუკიდებელი რეგულატორი, სემეკი ახორციელებს, რომელიც თავისი მეთოდოლოგიით ხელმძღვანელობს. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ სემეკი მიიღებს დაბალანსებულ, ოპტიმალურ გადაწყვეტილებას, რომელიც ერთი მხრივ, მომხმარებლის უფლებებს დაიცავს, მეორე მხრივ, ენერგო კომპანიებს საშუალებას მისცემს, რომ უსაფრთხოდ მიაწოდონ ელექტროენერგია მოსახლეობას და კომპანიებს, ჩვენ არ ჩავერევით მათ კომპეტენციაში. დაველოდოთ მოვლენებს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ცნობისთვის, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ელექტროენერგიის ტარიფის მნიშვნელოვანი ზრდა გარდაუვალია.