ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, პანდემიის დროს, როდესაც ბევრ სხვა ქვეყანაში საწარმოები იკეტება, საქართველოში დასაქმების ახალი კერა - „ქართლი ტექსტილი“ გაიხსნა.
მანვე აღნიშნა, რომ საწარმო რეკორდულ ვადებში აშენდა - „4 თვის განმავლობაში მიდიოდა მშენებლობა“.
„გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ საწარმო აშენდა რეკორდულ ვადებში - 4 თვის განმავლობაში მიდიოდა მშენებლობა და ერთი თვე დასჭირდა საწარმოს გაწყობა - ამოქმედებას. ეს მოხდა პანდემიის პირობებში, როდესაც სხვა ბევრ ქვეყანაში საწარმოები იკეტებოდა - სწორედ ამ დროს და განსაკუთრებით იმ ანტიკრიზისული ღონისძიებების წყალობით, რაც ხელისუფლებამ გაატარა, „აჭარას ტექსტილმა,“ როგორც ჯგუფმა, შეძლო, არაერთი გამოწვევის მიუხედავად, გაეგრძელებინა მუშაობა. ამავდროულად, მათ მოიპოვეს საგარეო საექსპორტო ბაზრებზე ახალი კონტრაქტები და უფრო სწრაფად აღადგინეს ექსპორტი, ვიდრე მათმა გლობალურმა კონკურენტებმა - მაგალითად, „ნაიკტან“ კონტრაქტი კომპანიამ სწორედ ამ პანდემიის დროს გააფორმა“ , - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია „ქართლი ტექსტილს“ სამკერვალო საწარმოს ასაშენებლად სახელმწიფომ მიწა მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადასცა. საწარმოს მშენებლობაში 20 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 10 მლნ ლარი პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში აღებული სესხია.
კომპანია „აჭარა ტექსტილი“ წლების მანძილზე თანამშრომლობს ცნობილ მსოფლიო ბრენდებთან, მათ შორის ისეთებთან, როგორიცაა Nike, ADIDAS, Lotto, Erima, New Balance და Under Armour. კომპანია 100%-ით ექსპორტზეა ორიენტირებული და წლიურად 15 000 000-ზე მეტი ერთეული პროდუქციის წარმოებას და ექსპორტს ახორციელებს“, - განაცხადა თურნავამ.