გიორგი კაკაურიძე: წლის ბოლომდე 800 მილიონ ლარამდე იპოთეკური სესხი გაიცემა

„წლის ბოლომდე 800 მილიონ ლარამდე იპოთეკური სესხი გაიცემა“- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ 2021 წლის ბიუჯეტის განხილვის დროს განაცხადა.

მისივე თქმით, იპოთეკური სესხების სუბსიდირების მიზანი მიმდინარე სამშენებლო პროექტების ბოლომდე დასრულება იყო.

„ჩვენ გვქონდა ერთადერთი მიზანი, რომ დაწყებული მშენებლობების გაჩერება ქვეყანაში არ მომხდარიყო, რადგან ამის რისკები არსებობდა. მე ვფიქრობ, იპოთეკური სესხების პროგრამამ იმაზე მეტი შედეგი გამოიღო, ვიდრე ჩვენ ველოდებოდით. ჩვენ ვფიქრობდით, რომ 2020 წელს დაახლოებით 500 მლნ ლარის იპოთეკური სესხის გაცემა მოხდებოდა, თუმცა უკვე დღეის მდგომარეობით დაახლოებით 760 მლნ ლარის სესხია გაცემული და წლის ბოლომდე 800 მლნ ლარის სესხი გაიცემა“- აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობა 2020 წლის ივნისიდან აღებული იპოთეკური სესხის პროცენტს ასუბსიდირებს. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მთავრობა იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის 4%-ს ფარავს. პროგრამის ჯამური ბიუჯეტი 70 მილიონი ლარია.

ნოდარ სირბილაძე