ევროკავშირი გაერთიანებულ სამეფოსთან Brexit-ის შემდგომ სავაჭრო შეთანხმების დამტკიცების პროცესს იწყებს

ევროკავშირი გაერთიანებულ სამეფოსთან Brexit-ის შემდგომ სავაჭრო შეთანხმების დამტკიცების პროცესს იწყებს.

Deutsche Welle-ს ინფორმაციით, ევროპული გაერთიანების 27 სახელმწიფოს წევრები ბრიუსელში შეიკრიბნენ, რათა შეთანხმების დამტკიცების პროცესი დაიწყონ.

„Brexit-ის შესახებ შეთანხმებას მწვანე შუქი ავუნთეთ. ელჩებმა ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის ვაჭრობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების 2021 წლის 1-ლი იანვრიდან დროებით გამოყენებას ერთხმად დაუჭირეს მხარი. შემდეგი ეტაპი ევროკავშირის საბჭოს მიერ დამტკიცებას მოიცავს, რაც ხვალ 15:00 საათისთვის უნდა დასრულდეს“, - დაწერა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტის პრესმდივანმა სებასტიან ფიშერმა Twitter-ზე.

გაერთიანებულ სამეფოსა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკებები 10 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. „ბრექსითის“ გარდამავალი პერიოდი მიმდინარე წლის 31 დეკემბერს იწურება, რის შემდეგაც გაერთიანებული სამეფო ევროკავშირს ოფიციალურად დატოვებს.